ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები „სითი პარკის” ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები კომპანია „სითი პარკის” ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონის პროექტის თანახმად, ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან/და საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმის ან/და საურავის გადახდისაგან.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე, ანუ ეს ამნისტია ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე ჯარიმა და საურავი არ გადაუხდიათ.
ზაზა გაბუნია: ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და, ჩვენი ამ გადაწყვეტილებით, ამ კანონის პროექტით აღნიშნული დავალიანების მქონე მოქალაქეები ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯებისაგან.
აღნიშნული სახდელების (ჯარიმებისა და საურავების) ჯამური თანხა, დაახლოებით, 850 000 ლარია.