უკრაინის საგარეო უწყება: კერძო პირი, სააკაშვილი საქართველოს არჩევნების კომენტირებისას უკრაინის პოზიციას არ წარმოადგენს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარება მწუხარებას იწვევს, რადგან “უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია უფლებამოსილება, სახელმწიფო წარმოადგინოს, საქართველოში არჩევნების წინ არსებულ ვითარებას აქტიურად ეხმიანება”.

ამის შესახებ კულებამ ბრიფინგზე სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარების საკითხის კომენტირებისას თქვა.

“ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩს იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია: კერძო პირი განცხადებებს აკეთებს, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“, – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, კიევს ესმის საქართველოში არჩვენების წინ არსებული “მგრძნობიარე ვითარება” და აფასებს ქართველ პარტნიორებთან მეგობრობას.

“ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება და ეს გაღიზიანების გამომწვევი აღმოიფხვრება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ძალიან მკაფიოა: ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომენტარებში ის უკრაინის პოზიციას არ წარმოადგენს“, – განაცხადა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები