ქართული თუთის – “აბრეშუმხვევიას” გენოფონდის გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად აგრძელებს თუთის – “აბრეშუმხვევიას” გენოფონდს დაცვა-გაძლიერებას.

როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, მეაბრეშუმეობის სადგურში თანამდროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად ხალხური სელექციით გამოყვანილი, მე-19 საუკუნის ჯიშებია დაცული. თუთის  – “აბრეშუმხვევიას” აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

მეაბრეშუმეობა აგრარული სფეროს ერთერთი წამყვანი დარგია, რომლის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენასა და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული.

ქართული აბრეშუმი ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. დღესაც არსებობს ისეთი ჯიშები, რომელთა ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით გაცილებით მაღალია, ისინი ხასიათდება პარკის ძაფის მაქსიმალური სიგრძითა და სიწმინდით. ამ თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა მზიურების ჯგუფის ჯიშები, რომელთა ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა 1988 წელს მადრიდში ევროპის ხარისხის კომისიის მიერ უმაღლესი ჯილდო – „პლატინის ვარსკვლავი“ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები