აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებლებმა პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხება.

ოხანაშვილის თქმით, მოსახლეობა პარლამენტს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენაზე ჯარიმების გაზრდას სთავაზობს.

„ეს არის წარმოდგენილი წინადადების სახით, კანონპროექტის სახით არ არის და წინადადების ავტორები გვთავაზობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, კერძოდ, დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების ქონებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაზრდას. შესაბამისად, ეს არის გამოწვევა.

საკითხი დგას შემდეგნაირად, რომ ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ამ წინადადებას, ვინაიდან ეს არის ჩვენი საზოგადოების, კერძოდ, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრებ პირთა ინტერესებში, რომ მათ დავეხმაროთ და სანქციები გაიზარდოს. როგორ გაიზრდება სანქციები, ამაზე უკვე კანონპროექტის დაინიცირების პროცესში, კომიტეტის ფარგლებში შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას მოსახლეობის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა მერიის წარმომადგენელმაც და განაცხადა, რომ წინადადება საინტერესოა, ამ მიმართულებით მერიაც მუშაობს და პარლამენტს ვერსიას წარუდგენს.

„ბატონმა ანრიმ მხოლოდ ორი ქუჩა დაასახელა, რადგან წინადადების ავტორები ისინი არიან, თუმცა აღნიშნული პრობლემა თბილისის მასშტაბით უფრო ფართოდ დგას და მეტ ლოკაციას მოიცავს. თვითონ რაოდენობა არ არის მცირე, საკმაოდ ხშირია და ბევრია დაჯარიმებების რაოდენობა, მათ შორის, საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ძალიან ხშირად ხდება ერთი და იგივე სუბიექტის დაჯარიმება. ეს აიხსნება იმით, რომ, როგორც ჩანს, არსებული ჯარიმა პირველად შემთხვევაში პრევენციას არ ახდენს – ვერ ახდენს, რადგან დაბალია, მცირეა, თუ არ ვცდები, 100 ლარია. ზუსტად არ მახსოვს სანქცია. პრევენციას არ ახდენს და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირი არის ერთი და იმავე პირის დაჯარიმება. როგორც ჩანს, მისთვის ეს არ წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას.

ჩვენ როცა ვფიქრობდით ამ თემაზე და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვეთანხმებით სანქციების გამკაცრებას არა მარტო განმეორების შემთხვევაში, პირველივე ქმედების შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ გადასახედია სანქციები. მათ შორის, ყურადღებაა მისაქცევი არა მარტო აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვარის დონის დარღვევაზე, მათ შორის, განთავსების წესზეც.

თვითონ აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი აპარატურა რაც არის, მათი განთავსების წესების დარღვევა არის ხშირად გამოვლენილი. ამ მიმართულებითაც თუ გამახვილდება თქვენი ყურადღება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს საკითხი სრულად მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა, სერგო ბირკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები