გია ხუხაშვილი: დღეის მდგომარეობით, ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე – ხელისუფლება, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ
“ნებისმიერი არჩევნებისას დასავლეთი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის ამ არჩევნებში მხარე გახდება, ოპოზიცია სწორედ ამას ელოდება”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, რთულია იმის თქმა, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე – ხელისუფლება.
“აშშ-ს იმ ქვეყნებთან, რომელთაც პარტნიორებად მიიჩნევს, ორი ტიპის ურთიერთობა აქვს. ერთი არის სტიმულირების მეთოდი და ტექნოლოგია, მეორე – იძულების. საბედნიეროდ, ათწლეულების განმავლობაში აშშ ჩვენთან ურთიერთობისას სტიმულირების მეთოდს იყენებდა, ამ ბოლო დროს კი იძულების მეთოდზე გადავიდა. მსგავსი რამ ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ხედავს, რომ სტიმულირება ეფექტიანი აღარ არის. ეს პროცესი არ დაწყებულა ამ აქტით – ჩვენ კარგა ხანია, ვხედავთ, რომ კეთდება კრიტიკული, თითქმის მუქარანარევი განცხადებები არა მხოლოდ აშშ-დან, არამედ – ევროპიდანაც და ამან შედეგიც გამოიღო – რომ არ ყოფილიყო ეს იძულების პოლიტიკური შტურმი, ჩვენ დღეს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა არ გვექნებოდა.
მესმის ხოლმე აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებები, ვინ ეკითხება ამერიკელებსო… შეიძლება, ამერიკელებს არ ეკითხებათ, მაგრამ მოდი, შინაარსზე დავფიქრდეთ. რას ითხოვენ ისინი? კორუფცია რომ არ უნდა იყოს, ეს ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება? ან პირობას რომ დებ და ის უნდა შეასრულო, განა ჩვენც არ ვიცით?! გასაგებია, რომ ჩვენთან არიან დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილი ძალები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ხელისუფლებაც ფარულად ამ ხაზს ატარებს, ანუ ანტიამერიკული განწყობის პროპაგანდას ეწევა, მაგალითად, იმით, რომ ამბობს, ამერიკის პოლიტიკური ელიტა ნაყიდი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ლობირებული თემებიაო… რა არის ლობირებული, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობაა? განა ეს ყველამ არ ვიცით?.
ნებისმიერი არჩევნებისას დასავლეთი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის ამ არჩევნებში მხარე გახდება. ოპოზიცია სწორედ ამას ელოდება და დიდ შეცდომასაც უშვებს. ამ შეცდომის გამოვლენა იყო ის, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში – იმ საკითხის მიღებაში, რომლისთვისაც თითქოს მთელ წელს იბრძოდნენ და ამასთან, არაკორექტული, მეტიც – სკანდალური შეტევა წამოიწყეს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ (მიუხედავად იმისა, ელჩმა სწორად თქვა რამე თუ არა). ეს გააკეთეს იმიტომ, რომ გაუჩნდათ განცდა, დასავლეთი უკვე ჯიბეში გვყავს და ყველაფერი გვეპატიებაო, თუმცა ასე არ მოხდა. მათაც კი, ვისაც დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, არ ესმით, რა არის რეალურად დასავლეთი და მიიღეს კიდეც შესაბამისი პასუხი, რაც ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა. დასავლეთი ამ არჩევნებში ჩაერევა მხოლოდ იმ დოზით, რომ არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და შედეგმა ქართველი საზოგადოების რეალური განწყობა ასახოს.
დღეის მდგომარეობით, ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია უკეთესად გამოიყურება, ვიდრე – ხელისუფლება. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. როდესაც დასავლეთი მხარს გიჭერს, ეს ლამაზი თვალების გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ რაღაცას სწორად აკეთებ, მათ კი უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაზე ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და აბსურდად აქციეს – ვინც ცვლილებებს ითხოვდა, ის კენჭისყრას არც კი დაესწრო და ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მან ეს საკუთარ გამარჯვებად მიითვალა. საპარლამენტო ოპოზიციის ასეთ დამოკიდებულებას ვერცერთი ევროპელი თუ ამერიკელი ვერ გაიგებს. ეს იყო არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რადგან ეს კოდექსი სწორედ სახელმწიფოს სჭირდებოდა! კიდევ უფრო გაუგებარი იყო ზემოთ ხსენებული შეტევა გერმანიის ელჩზე. სწორედ ამგვარი ოპოზიციაა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის მთავარი შანსი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.