რეკორდული სიცხე ევროპაში — ახალი კლიმატური ნორმა თუ დროებითი ანომალია?
მას შემდეგ, რაც ევროპაში მიმდინარე წლის მეორე უპრეცედენტო სიცხის ტალღამ ტემპერატურის რეკორდები მოხსნა, ბევრს ერთი და იგივე კითხვა უჩნდება: არის თუ არა ეს ახალი ნორმა? შეიცვალა თუ არა ევროპის კლიმატი ფუნდამენტურად?
ჟურნალ Nature-თან საუბარში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ევროპაში 4–5-დღიანი სიცხის ტალღა, რომლის დროსაც ლონდონში ტემპერატურა 40°C-ს უახლოვდება, ჯერ კიდევ ანომალიად ითვლება.
„ეს უბრალოდ ფენომენალურია“, — ამბობს სარა პერკინს-კირკპატრიკი, კლიმატის მეცნიერი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან (კანბერა).
თუმცა, მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ გლობალური დათბობის გაგრძელების ფონზე ევროპელებს მსგავსი მოვლენების უფრო ხშირად ხილვა მოუწევთ.
„სიცხის ტალღები არსად გაქრება, სანამ გლობალური ემისიების შემცირებას არ დავიწყებთ“, — აცხადებს სამანტა ბერჯესი, კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორის მოადგილე. „ისინი უფრო ხშირია, უფრო ინტენსიურია და უფრო დიდხანს გრძელდება.“
რისკები სერიოზულია. საფრანგეთში, ქალაქ პისოსში, სადაც ამ კვირაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა — 44,3°C — დაფიქსირდა, სულ მცირე, 54 ადამიანი დაიღუპა სიცხის ან წყალში დახრჩობის შედეგად, როდესაც სიცხისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.
მეცნიერები არ თანხმდებიან მხოლოდ ერთ საკითხზე — რამდენად სწრაფად გადაიქცა ევროპა იმ კონტინენტიდან, სადაც ზაფხული შედარებით გრილი და სასიამოვნო იყო და მოსახლეობა ღია ფანჯრებით ცხოვრობდა იმ რეგიონად, სადაც ექსტრემალური სიცხე და კონდიციონერის შეძენის აუცილებლობა ყოველდღიურ საკითხად იქცა.
ახალი რეკორდები
დღეს გამოქვეყნებულმა კვლევამ ევროპის 854 ქალაქის ტემპერატურული მონაცემები შეისწავლა. ეს ქალაქები კონტინენტის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს მოიცავს. კვლევის მიხედვით, თითქმის ნახევარმა უკვე მოხსნა ან მიმდინარე თვეში მოხსნის სიცხის სტრესის ყველა დროის რეკორდს.
კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ორგანიზაციამ — World Weather Attribution, რომელიც ექსტრემალურ ამინდს სწავლობს.

კვლევის თანახმად, ჩეხეთის, ლიეტუვასა და ლუქსემბურგის ყველა შესწავლილ ქალაქში დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა.
„ის, რაც ადრე იშვიათი მოვლენა იყო, ახლა რეგულარულ მოვლენად იქცა“, — ამბობს ერიხ ფიშერი, ციურიხის შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის კლიმატის მეცნიერი.
მისი თქმით, ტემპერატურული რეკორდები დღეს ყველგან და მუდმივად მყარდება, თანაც ხშირად დიდი სხვაობით.
„ეს სპორტში წარმოუდგენელი იქნებოდა — თითქოს სიმაღლეზე მხტომელმა, სტეროიდების გამოყენებით, რეკორდი არა რამდენიმე სანტიმეტრით, არამედ ნახევარი მეტრით გააუმჯობესოს.“
რა იწვევს ამ სიცხის ტალღას?
ლარა ვალბერგის, მაქს პლანკის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატის მოდელირების სპეციალისტის თქმით, როგორც წინა შემთხვევებში, ამ სიცხის ტალღის მიზეზიც ატმოსფერული ცირკულაციის ისეთი მოდელია, რომელიც ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ გადაადგილებულ თბილ ჰაერს მოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის შემცირებისას — როგორც ეს ახლა ხდება — ჩრდილოეთ აფრიკიდან და საჰარის უდაბნოდან წამოსული ცხელი ჰაერი შესაძლოა დროებით „გამოიკეტოს“ ევროპის თავზე.
„აშკარად შესამჩნევი“
მკვლევართა თქმით, ამ კონკრეტული სიცხის ტალღის სიმძიმეში მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებაც ასრულებს.
გლობალური დათბობით გამოწვეულმა მაღალმა ტემპერატურებმა ნიადაგი გამოაშრო და შეამცირა აორთქლების გზით გაგრილების ეფექტი.
ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარი კლერ ბარნსი აღნიშნავს, რომ ევროპაში შემცირდა ღრუბლიანობაც, რომელიც ჩვეულებრივ მზის სითბოს ნაწილს კოსმოსში აბრუნებს.

მისი თქმით, ამის მიზეზია როგორც გვალვა, ისე 1980-იანი წლებიდან გამკაცრებული გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლებმაც ჰაერში აეროზოლების რაოდენობა შეამცირა; აეროზოლები კი, ღრუბლების წარმოქმნას უწყობენ ხელს.
ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ევროპის კლიმატის გარდაქმნა სწორედ 1980-იან წლებში დაიწყო.
„განსაკუთრებით 1980 წლის შემდეგ ევროპაში ტემპერატურის მკვეთრი ზრდა შეინიშნება“, — ამბობს ზიკე ჰაუსფატერი, ორგანიზაცია Berkeley Earth-ის კლიმატის მეცნიერი.
„ეს მონაცემებში აშკარად და თვალსაჩინოდ ჩანს.“
გასული წლის ანგარიშში „ევროპაში კლიმატის მდგომარეობა“ (European State of the Climate report 3) გაკეთებულია დასკვნა, რომ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ევროპაში ტემპერატურა იზრდება 0,56°C-ით ყოველ ათწლეულში — რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი. უფრო სწრაფად მხოლოდ არქტიკა თბება — 0,75°C-ით ყოველ ათწლეულში.
„მკაცრი ზაფხული“
ამავდროულად, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ევროპაში სიცხის ტალღები უფრო ხშირი გახდა — ისინი უფრო დიდხანს გრძელდება და წლის უფრო ადრეულ პერიოდშიც იწყება. კლიმატის მეცნიერის, ფიშერის თქმით, „იმ ამინდმა, რომელსაც ადრე აგვისტოში ვხედავდით, ახლა უკვე ივლისსა და ივნისში გადმოინაცვლა, ზოგჯერ კი მაისშიც კი ფიქსირდება“. მისი თქმით, „ზაფხული უბრალოდ უფრო გრძელდება და სიცხეში გატარებული დროც იზრდება“.
ზოგიერთი მეცნიერი სიცხის ტალღების გახშირებას უკავშირებს არქტიკაში ზღვის ყინულის შემცირებას და ევრაზიაში თოვლის საფარის დნობას, რაც, მათი აზრით, არღვევს ჰაერის ცირკულაციას ევროპაზე.
თუმცა ყველა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს ის მომენტი, როდის შეიცვალა ევროპის კლიმატი. გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის ფიზიკოსი-კლიმატოლოგის, ჰელგე გესლინგის თქმით, კლიმატი არ შეცვლილა „ერთბაშად“ — ის უბრალოდ მუდმივად თბება.
სხვა მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, ნამდვილად შეიცვალა თუ არა ევროპის კლიმატი. გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურის კლიმატის მოდელირების სპეციალისტი სეგოლენ ბერტუ აღნიშნავს, რომ არსებობს შესაძლებლობა, ამინდის ცვლილებები უფრო ბუნებრივ კლიმატურ რყევებს უკავშირდებოდეს, ვიდრე მხოლოდ გლობალური დათბობის შედეგს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს ექსტრემალური გათბობა შეიძლება მომავალში შენელდეს.
თუმცა ის ასევე ხაზს უსვამს, რომ თუ სათბურის აირების გლობალური ემისიები გაგრძელდება, ევროპა მაინც გააგრძელებს დათბობას.
წყარო: Edward Chen, Nature, 26 June 2026, “Europe’s record heatwave: does the continent have a new climate?”