შალვა პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე: რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
“რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს არ მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციური სამსახური იმოქმედებს იმის მიხედვით, რა რეკომენდაციებსაც გასცემენ ექიმები.
„პროცესი გამჭვირვალედ მიდის, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია, მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ ელენე ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება. რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს არ მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ თუ კი ვინმე გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, აქ მთავარია სამედიცინო მონაცემებს და ექიმის მონაცემებს მიჰყვნენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.