FAO-ს ინიციატივის „ერთი ქვეყანა–ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ ფარგლებში საქართველოში მყოფი ჩინელი ექსპერტი ჯიღაურას ბაზას ეწვია
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურას ბაზაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გლობალური ინიციატივის „ერთი ქვეყანა – ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ (OCOP) ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინელ ექსპერტს, იანინგ სიას უმასპინძლა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, OCOP-ის ფარგლებში საქართველომ პრიორიტეტულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად ღვინო შეარჩია. ინიციატივა მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის, უნიკალური მახასიათებლებისა და ეკონომიკური პოტენციალის მქონე პროდუქტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მათი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საერთაშორისო პოპულარიზაციას.
ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-სა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრისას ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობა გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვის, შესწავლისა და კონსერვაციის მნიშვნელობაზე, ასევე აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აგრარული მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებზე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ეროვნული ამპელოგრაფიული კოლექცია და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც გაეცნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და უნიკალურ გენეტიკურ რესურსებს. სტუმრებისთვის გაიმართა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.