ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას
“ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა, ორ კვირაში გადაიხედოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები შეიძლება, გადაიხედოს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით როგორც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც გამოცხადებული იქნა უსაფრთხო მიმართულებად.
პრემიერმინისტრის მრჩეველი გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ყველა ამ განცხადების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას.
„ოპოზიციის აპელაციებთან დაკავშირებით მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას იმიტომ, რომ მგონია, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციებია ყველა ამ განცხადებასთან მიმართებით.
„ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევძლოთ, უფრო ინტენსიური გავხადოთ მიმოსვლა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ უნგრულ მხარესთან ერთად შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა კონკრეტული კომისია ორ სახელმწიფოს შორის და ვისაუბრებდით იმ აუცილებელ პროცედურებზე, რომლებიც დააჩქარებდა ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლას ტურიზმის თვალსაზრისით. ასე რომ, სამუშაოები მიმდინარეობს, მე თავს შევიკავებ კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებისგან, რადგან ეს არ იქნება სწორი. არის ძალიან ბევრი დეტალი და არის თანმიმდევრული პროცესი”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.