“როსკოსმოსის” დირექტორის მრჩეველს ბრალად ნატო-სთვის საიდუმლო მასალების გადაცემა ედება

“როსკოსმის” გენერალური დირექტორის მრჩეველს საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში, ყოფილ ჟურნალისტს, ივან საფრონოვს ბრალად ნატო-ს ერთერთი სპეცსამსახურისთვის საიდუმლო მასალების გადაცემა ედება.

ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში(ФСБ) განაცხადეს.

“საფრონოვი ნატო-ს ერთერთი სპეცსამსახურის დავალებებს ასრულებდა, აგროვებდა და გადასცემდა მის წარმომადგენელს სახელმწიფო საიდუმლოს შემცვლელ ინფორმაციას, რომელიც სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, თავდაცვასა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უკავშირდება”, – აღნიშნავენ უწყებაში.

საფრონოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “სახელმწიფო ღალატის” მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ივან საფრონოვს თავისუფლების 20 წლით  აღკვეთა ემუქრება.

30 წლის ივან საფრონოვი დღეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს, მანამდე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

გამოცემა “ღია მედია” ფსბ-ში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი ჟურნალისტი რამდენჯერმეა დაკითხული, მათ შორის, ეგვიპტესთვის სუ-35 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საქმეზეც, რომელიც გამოცემა “კომერსანტში” გასული წლის მარტში დაიწერა.

“ეხო მოსკვი” წერს, რომ აღნიშნული მასალა გახდა აშშ-ის მხრიდან ეგვიპტეს მისამართით სანქციების დაწესების მუქარის საბაბი.

ივან საფრონოვი “როსკოსმში” მრჩევლად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები