მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ხანძრის კერებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
“დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები როგორც სპეციალური ტექნიკის, ასევე, ცოცხალი ძალის კუთხით. სვანეთში მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანლობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი.
მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი.
ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა, მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.