„საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისა და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის”- – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა შეხვედრაზე გაამახვილეს ყურადღება, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარს” შეეხებოდა.
ნათია თურნავას განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს და იმ პირობებში, რომელიც მას საქართველოში შეუქმნეს, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი.
„ჩვენი უნგრელი სტუმარი მიესალმა ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რათა „ვიზიარი” ჩავრთოთ ჩვენს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ჩვენი თანამემამულეების გეგმაზომიერ ჩამოყვანას ევროპიდან. „ვიზეარი” ჩვენი ერთერთი მოკავშირეა ამ პროგრამაში. რასაკვირველია, „ვიზეართან” ერთად ველოდებით იმ პერიოდს და ერთად ვმუშაობთ, როდესაც შევძლებთ უფრო მასობრივი რეგულარული ფრენების აღდგენას. ამ ეტაპზე კი უნგრული ავიაკომპანია ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.