ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, ტელეფონის ქონის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა გვქონდა – დისტანცირება, თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფექცია, საგამოცდო ცენტრების 90 პროცენტში ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა რეგისტრაციის დასრულება”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამურად, აბიტურიენტებს არაკომფორტული გარემო არ ჰქონიათ.

„მადლობა მინდა, ვუთხრა აბიტურიენტებს, გაგებით რომ მოეკიდნენ დამატებით პროცედურას, რაც წელს ჰქონდათ გასავლელი, იქედან გამომდინარე, რომ უზრუნველგვეყო მათი და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა გვქონდა, დისტანცირება, თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფექცია, ცენტრების 90 პროცენტში ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა რეგისტრაციის დასრულება. ამისთვის ყველას მადლობა. უშუალოდ წერისას აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება, რომ პირბადის გარეშე შეესრულებინათ ეს ტესტი, ბევრმა მათგანმა გამოიყენა ეს შანსი. ზოგს ჩამოწეული ჰქონდა, ზოგს საერთოდ არ ეკეთა და ზოგს ეკეთა, ეს იყო ნებაყოფლობითი. რაც შეეხება კონდიცირებას, თუ 30 გრადუსს მიაღწევდა, მაშინ უნდა ჩართულიყო, მაგრამ თბილისში ეს არ გამხდარა საჭირო, მხოლოდ რამდენიმე ცენტრის რამდენიმე სექტორში იყო ამის საჭიროება. ფოთში დილიდანვე ჩავრთეთ კონდიცირება იმიტომ, რომ 30 გრადუსს მიაღწია ტემპერატურამ. ჯამურად, არაკომფორტული გარემო ნამდვილად არ ჰქონიათ მათ. ჩვენ ვახორციელებდით თერმოსკრინინგს. სარეზერვო სივრცეები გვქონდა იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც თერმოსკრინინგის შედეგად, მიუხედავად ტემპერატურისა, დაიშვებოდა სივრცეში. ჯამურად, 4 აბიტურიენტისთვის გამოვიყენეთ ასეთი სარეზერვო სივრცე, სადაც სიცხიანი აბიტურიენტები განთავსდნენ. გამოცდაზე არ დაიშვა 2 აბიტურიენტი. გვქონდა ასევე დაგვიანების 2 შემთხვევა. გამოცდის ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, აბიტურიენტი ტელეფონის ქონის გამო მოიხსნა. ვთხოვ აბიტურიენტებს, ეს გაითვალისწინონ ხვალისთვის”, – განაცხადა გორგოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები