არჩილ თალაკვაძე: საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება

საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე” განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ შედეგად საქართველომ მოახერხა ეფექტურად გაძღოლოდა ამ საკითხს და გაეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება და ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული მიღწევები.

„მინდა მივესალმო და დადებითი შეფასება მივცე თქვენს ჩართულობას საქართველოში მიმდინარე რეფორმებში. მადლობა ევროსაბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას, ჩვენი ქვეყნის დახმარებისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც თქვენგან მივიღეთ. მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენ ყოველივე ამან შეგვაძლებინა ის, რაც გაკეთდა, იმისთვის, რომ ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

საქართველომ შეძლო ეფექტურად გაძღოლოდა ამ პროცესს და გაეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება. გვაქვს კარგი შედეგი ამ მიმართულებით. ჩვენმა სამედიცინო სამსახურებმა, მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. ამასთანავე, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას და ხელისუფლება პირობას აძლევს თავის ხალხს, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით პროგრესს. ჩვენ მადლობას ვუხდით პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საელჩოებს საქართველოში იმ დახმარებისათვის, რომელიც მათ გაგვიწიეს როგორც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ასევე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია ასევე ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში.

„დღეისათვის ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მოგვცა ეუთო/ოდირმა და ჩვენმა სახელმწიფომ დღეისათვის მოახერხა, რომ ყველა ეს რეკომენდაცია შესულიყო საარჩევნო კოდექსში. საქართველო აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიის განვითარებისთვის, ჩვენ კიდევ მრავალი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ დღეს ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ოქტომბერში და რასაკვირველია ეს ყველაფერი არის მორგებული საარჩევნო კანონმდებლობაზე. ჩვენ რასაკვირველია გავითვალისწინეთ ის უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც ჩვენ მოსახლეობას კოვიდ -19 ის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღებისას დაიცავს”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საარჩევნო კოდექსის 199 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრას ეხება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვენეციის კომისიის წევრებმა ოლივერ კასკიმ და რიჩარდ ბარეტმა, დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები