„ნაპოლეონის აღმოსავლური ამბიციები“ – ონლაინლექცია

3 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე ონლაინლექცია – „ნაპოლეონის აღმოსავლური ამბიციები: საქართველო და ევროპის სახელმწიფოთა ინტერესები ახლო აღმოსავლეთში“ გაიმართება.
ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორების  ყოველკვირეული Live-შეხვედრების სერია უმასპინძლებს.
ლექციას ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე წაიკითხავს.

ლექციის შესახებ:

პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე განიხილავს ევროპის სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირებას ოტომანების იმპერიასა და ირანში და საქართველოს როლსა და ადგილს ამ დაპირისპირებაში.
როგორც უნდა განვსაზღვროთ აღმოსავლეთის საკითხი, მან დიდი როლი ითამაშა ნოპოლეონის დიპლომატიაში. 1802 წელს, ოტომანების იმპერიასთან დაზავების შემდეგ, ნაპოლეონის მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალურად ესარგებლა შექმნილი სიტუაციით. თუმცა პორტე, რომელსაც ნაპოლეონის ომების დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია ეკავა, თანდათანობით რუსეთს დაუახლოვდა. ნეპოლეონმა დიდი ძალისხმევა გასწია, რომ რუსეთ-თურქეთის კოალიცია დაეშალა და, ამავე დროს, ირანი მიემხრო. ამ ამოცანების განხორციელებას ხელი შეუწყო საფრანგეთის 1805 და 1806 წლების ბრწყინვალე გამარჯვებებმა. 1806 წელს ოტომანების იმპერიამ რუსეთს ომი გამოუცხადა და უცხოური ხომალდებისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაკეტა.
ბრიტანეთმა თურქეთისათვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა მისი 1807 წლის საზღვაო ოპერაცია მარცხით დასრულდა და ოტომანების იმპერია კვლავ საფრანგეთის მხარეს დარჩა. 1806 წელს ნაპოლეონმა ირანთან ფინკენშტაინის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ირანი მას ინდოეთის ლაშქრობაში დაეხმარებოდა, სამაგიეროდ, საფრანგეთი აღიარებდა ირანის ინტერესებს საქართველოს მიმართ და საბრძოლო დახმარებას გაუწევდა რუსეთთან დაპირისპირებაში. ეს, ერთი შეხედვით, წარმატებული პოლიტიკა აღმოსავლეთში საგრძნობლად შეიცვალა და შესუსტდა, როცა ნაპოლეონმა თავისი აღმოსავლელი პარტნიორებისგან პირი იბრუნა და რუსეთთან მოკავშირეობა გადაწყვიტა – ამ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოჰყვა ყველა მონაწილე მხარისთვის.

მომხსენებლის შესახებ:

ალექსანდრე მიქაბერიძე ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი და ჯეიმს სმიტ ნოელის იშვიათი წიგნების კოლექციის კურატორია.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაასრულა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მას შემდეგ უკვე თითქმის ოცი წელია მოღვაწეობს აშშ-ში, კითხულობდა ლექციებს ფლორიდისა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აშშ-ის უმაღლეს სამხედრო საზღვაო კოლეჯსა და აშშ-ის სამხედრო აკადემიაში ვესტ-პოინტში;
ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის და ოცზე მეტი წიგნისა, რომლებიც თარგმნილია რამდენიმე ენაზე. მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო აკადემიის (ვესტ-პოინტის) ახალი სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაში. 2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა მისი ფუნდამენტური კვლევა – “The Napoleonic Wars: A Global History”, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჟამად ხელმძღვანელობს ნაპოლეონის ეპოქაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ საგამომცემლო პროექტს, რომელშიც მსოფლიოს 100-მდე ისტორიკოსია ჩაბმული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები