სოფო გორგოძე: საგამოცდო სექტორში, მერხის წინ გამჭვირვალე ფარი განთავსდება

მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში , – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების მაგიდები წელს სპეციალურად იქნება მოწყობილი და ყველა მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში. ყველა სხვა აქტივობისას იქნება ეს რეგისტრაცია, კომუნიკაცია, საპირფარეშოში გასვლა მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. მეორე დაზუსტება ეხება კონდიცირებას, აქამდე კონდიცირება ირთვებოდა, ვიდრე შევიდოდნენ აბიტურიენტები სექტორებში და ასევე, შუალედებში ერთი სესიიდან მეორე სესიის დაწყებამდე. ახლა შესაძლებლობა იქნება, თუ კი ოთახის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს ამ შემთხვევაში მეთვალყურეს ექნება უფლება, რომ ჩართოს კონდიციონერი, მაგრამ საგულისხმოა, რომ კონდიციონერის ჩართვის მომენტში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადეები და ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ბუნებრივი ვენტილაციის რეკომენდაცია რჩება, ანუ ფანჯარა კვლავ ღია იქნება.

საგამოცდო ცენტრებში, როდესაც მობრძანდებიან აბიტურიენტები, ისინი გაივლიან თერმოსკრინინგ, გაივლიან დეზობარიერს, ასევე დაცული იქნება დისტანცია, როგორც ეზოში ასევე კორიდორებში. ამის შემდეგ ისინი მიბრძანდებიან სექტორში და განთავსდებიან თავიანთ სამუშაო მაგიდებზე, რომელიც წელს სპეციალურად არის მოწყობილი. კონკრეტულად, ეს სპეციალური მოწყობა გულისხმობს იმას, რომ მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი და ეს არის დამატებითი უსაფრთხოების ზომა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ინფექციის გავრცელებას“, – განაცხადა გორგოძემ.

როგორც გორგოძემ განმარტა, 24-ვე საგამოცდო ცენტრში მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უკვე დასასრულს უახლოვდება.

„მზადების პროცესი მიდინარეობს აქტიურად და თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება, რადგან ორშაბათიდან უკვე იწყება გამოცდები. შეიძლება, ვთქვათ, რომ მზადყოფნა გვაქვს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად აბიტურიენტების განწყობაც იქნება უკეთესი და შემდეგ კვირაში ამ უკეთესი განწყობით მობრძანდებიან ისინი საგამოცდო ცენტრებში. რაც შეეხება ცენტრების რაოდენობას, მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იქნება“, – აღნიშნა გორგოძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები