„მიუხედავად გამოწვევებისა, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, არცერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება“

“ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად გამოწვევებისა, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, არცერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ღვინის ინდუსტრია დაზარალდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ – გლობალურად, მთელს მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან ლოგიკური და პასუხისმგებლიანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ინსტრუმენტი, რომელმაც ბევრი წლის განმავლობაში ძალიან კარგად იმუშავა, ხელახლა ამოქმედდა.
შეღავათიან აგროკრედიტში არის ცალკე მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც კაპიტალური ხარჯების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის სუბსიდირებას, ასევე, გულისხმობს საბრუნავი საშუალებების პროცენტის თანადაფინანსებას, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უიაფებს საბრუნავ საშუალებებს, შესაბამისად, მათ მეტი ლიკვიდურობა უჩნდებათ; უჩნდებათ მეტი საშუალება იმისათვის, რომ რთველს მომზადებული შეხვდნენ და მეტი ყურძნის მეტ ფასად შეძენა შეძლონ ჩვენი მევენახეებისგან.
კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ღვინის წარმოებისთვის 15 თვით მიიღონ შეღავათიანი კრედიტი, ხოლო თუ გრძელვადიან პროდუქტს, სპირტს აწარმოებენ, მიიღონ 3 წლით თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.
აღნიშნული გაზრდის კერძო სექტორის მოთხოვნას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რთველის ღონისძიებებსა და მის წარმატებით ჩატარებას.
წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომ ფერმერები არ დავტოვოთ პრობლემის წინაშე მარტო. მცირე მოთხოვნისა და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში, სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები ფერმერების ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი.
მინდა, განვაცხადო, რომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013 წლიდან მოყოლებული ყველა რთველმა ჩაიარა წარმატებით და შეფერხებების გარეშე. არსად არანაირად ჩაბარების პრობლემა არ ყოფილა, არც 2020 წელს, არცერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ბევრი ცდილობს ამ თემით სპეკულირებას, პოლიტიკურადაც, ფერმერების დაძაბვასა და ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს, ფერმერები მიტოვებულნი არიან. ამას ის ადამიანები ცდილობენ, ვინც, ხშირ შემთხვევაში, თვითონ იყვნენ დამნაშავეები პრობლემების შექმნაში, რომელიც ფერმერებს ექმნებოდათ წლიდან წლამდე. მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი მოგვარდება, საკმარისი ჭურჭელიც იქნება, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, დამატებითი ელემენტები იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში. ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია. დაახლოებით, 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით, რომელსაც დავაბინავებთ. გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეთ”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები