COVID-19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის კვლევა დადებით შედეგებს იძლევა
ორ ფარმაცევტულ კომპანიაში – აშშ-ის კორპორაცია Pfizer-სა და გერმანულ ბიოტექნოლოგიურ ფირმაში BioNTech-ში განაცხადეს, რომ ახალი პრეპარატი, რომელიც შესაძლოა, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდეს, დადებით შედეგებს იძლევა.
ახალი პრეპარატის პირობითი კოდია – BNT162b1.
აღინიშნება, რომ ექსპერიმენტების ერთი თვის განმავლობაში დადგინდა, რომ ცდაში მონაწილე პირთა ორგანიზმმა ანტისხეულების გამოყოფა დაიწყო.
კვლევაში 18-დან 55 წლის ასაკის 45 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობს. მათ ნაწილს უმნიშვნელო უკუეფექტი გამოუვლინდა, როგორიც არის ტკივილი ამ ადგილში, სადაც ნემსი გაუკეთეს, ასევე, მაღალი ტემპერატურა, რაც, მეცნიერების თქმით, აცრაზე ნორმალური რეაქციაა.
ორივე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენხანს გასტანს იმუნური რეაქცია და იმუნიტეტის რა დონე ესაჭიროება ადამიანს, რომ კოვიდ-19-სგან იყოს დაცული.
კომპანიებში აცხადებენ, რომ, ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შეძლებენ წელს ვაქცინის ასი მილიონი დოზა დაამზადონ, მომდევნო წლის ბოლოსთვის კი – 1,2 მილიარდი.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის სპეციალისტები აცხადებენ, რომ დღესდღეობით სულ მცირე 25 ექსპერიმენტალური ვაქცინა მოწმდება ადამიანებზე. მათგან ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნევა კომპანიების Moderna-ს, CanSino Biologics-სა და Inovio Pharmaceuticals-ის პრეპარატები, თუმცა კომერციული გამოყენებისთვის არცერთი მათგანი ჯერ დამტკიცებული არ არის.