მეტროსადგურ “გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება
“თბილისის მერია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციას იწყებს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის სატრანსპორტო პოლიტიკა ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება და განახლება შედის.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში, სამუშაოები დაიწყება. მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდება. პროექტის ღირებულება 1 010 851 აშშ დოლარია.