“საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.
“საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.
ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.
მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.
პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა – ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.
არ გამოვიდა დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია…
მადლობა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ ყველა პოლიტიკოსს!”, – წერს კალაძე.