ნიკოლოზ მეტრეველი: პარადოქსია, ეს ადამიანები ითხოვდნენ ცვლილებებს და დღეს მხარს არ უჭერენ, ამას მარტო „ნაცმოძრაობა“ თუ მოახერხებდა

“პარადოქსია ნამდვილად, რომ ეს ადამიანები ითხოვდნენ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს და დღეს არ უჭერენ მხარს, ამას, ალბათ, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მოახერხებდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვას გამოეხმაურა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, სანამ პროცესი ცალსახად ბოლომდე არაა მისული, გარკვეული საფრთხეები არსებობს. მინდა, გამოვყო „პატრიოტთა ალიანსისა“ და ოპოზიციის სხვა დეპუტატების ძალიან კონსტრუქციული მიდგომა, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსგან“. ამიტომ, არ ველოდები არავითარ განსაკუთრებულ რყევებსა და გამოწვევებს. თუ ვინმე წინააღმდეგ წავა, ეს იქნება ძალიან ღია თანამშრომლობა „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ და ყოვლად უსინდისო საქციელი მათი მხრიდან. მაგრამ მე ამას გამოვრიცხავ, დიდი ალბათობით. დღეს ეს ყველაფერი დასრულდება და საარჩევნო მარათონი დაიწყება.
„ქართულმა ოცნებამ“ აიღო ყველაფერი თავის თავზე და ნებისმიერ ვარიანტში ეს ცვლილებები შედგება. ეს იქნება, პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნების“ დამსახურება. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტის ართანამშრომლობას – პარადოქსია, ნამდვილად, ეს ადამიანები ითხოვდნენ ამ ცვლილებებს და დღეს არ უჭერენ მხარს, ამას, ალბათ, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მოახერხებდა. ეს იქნება ძალიან ცუდი, კიდევ ერთი დესტრუქციული ნაბიჯი მათი მხრიდან. დაინახავენ ელჩებიც, მოლაპარაკებებში მონაწილე ადამიანებიც, თუ რამდენად დესტრუქციულია ოპოზიციის ეს ნაწილი. გერმანიის ელჩის განცხაადებაც იყო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ არავითარი პოლიტპატიმარი ე.წ. ოპოზიციის ლიდერი, ჟორიკა რურუა არაა და, შესაბამისად, ის ვერ იქნება მიზეზი ამ მოლაპარაკების ჩაშლისა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა კოზირი გამოცლილი აქვს, არცერთი ლოგიკური არგუმენტი არ აქვთ, რომ დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ცოტა ხნის წინ რიგგარეშე სხდომა დაიწყო, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები