რუსუდან თევზაძე: განათლების რეფორმის კარგად განსახორციელებლად სისტემური ცვლილებებია საჭირო

განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერის, რუსუდან თევზაძის განცხადებით, განათლების რეფორმის კარგად განსახორციელებლად სისტემური ცვლილებებია საჭირო.
ამასთან დაკავშირებით რუსუდან თევზაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თევზაძე პრემიერ გიორგი გახარიას საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერის ნარატივში გამოიკვეთა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ განათლებაში სისტემური ცვლილება ჯერ კიდევ საჭიროა.

„ბატონი პრემიერის პარლამენტში შემაჯამებელი გამოსვლა ერთმნიშვნელოვნად გახლდათ სახელმწიფოებრიობის საუკეთესო მაგალითი, დაცლილი ყოველგვარი ყალბი პოლიტიკური პასაჟებისა და კეკლუცობისაგან. გამოსვლის შინაარსი მომავლის განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული იყო.
პრემიერის ნარატივში გამოიკვეთა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ განათლებაში ჯერ კიდევ საჭიროა სისტემური ცვლილება. ეს ჩემთვის, როგორც განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტისთვის, არსებითად მნიშვნელოვანი და, რაც მთვარია, საიმედო აქცენტია. სწორედ ამ აქცენტის შესაბამისი ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესახებ მსურს, მოგახსენოთ.
პირველი, საბედნიეროდ, განათლების სისტემაში გვაქვს „ოაზისები“ და ესაა „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმების ინიციატივით დაიწყო. ეს ახსენა კიდეც პრემიერმა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულის მიღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა და დანერგვის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს. ახალი სკოლის მოდელის უკეთესი და შედეგზე ორიენტირებული დანერგვისთვის კი აუცილებელია კარგი კოორდინაცია და თანამშრომლობა სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის. აქ ვგულისხმობ ისეთ “სიპებს”, როგორიცაა, მაგალითად, მასწავლებლის სახლი და გამოცდების ეროვნული ცენტრი. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში “სიპების” იდეამ არ გაამართლა. ცხადია, მე “სიპების” თვისობრივ-სამართლებრივ იდეას კი არ ვეწინააღმდეგები, პირიქით, იდეალურ გარემოში ისაა დეზენტრალიზაციის და განსხვავებული იდეების გენერირების წყარო, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში მივიღეთ სრულიად დამახინჯებული ფორმა ე.წ. ცალკე მოთამაშე „მონოპოლიებისა“, რომელთა მიზნები და ამოცანები ნაკლებად თუ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს და, რაც მთავარია, ცენტრალურ იდეას. მოხდა მათი კონკურენციის რეჟიმში გადასვლა და არა – თანამშრომლობითი პრინციპის დანერგვა. ეს კი დამღუპველად მოქმედებს მთავარ მიზანზე, რასაც თუნდაც „ახალი სკოლის“ მოდელი ემსახურება. მათ შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო მიზეზშედეგობრივი კავშირები. ისინი აუცილებელია, ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდნენ და ესაა ფუნდამენტური პლატფორმა, ეროვნული სასწავლო გეგმები, რასაც იდეაში ყველა დანარჩენი უნდა ემსახურებოდეს. ანუ უნდა ჩამოყალიბდეს, თვისობრივ-ტექნიკურად ერთიანი კონგლომერატი სიპის სახით. მთელს მსოფლიოში პოლიტიკას ქმნის კონკრეტული სამინისტრო, ხოლო მისი დანერგვა-განხორციელება ხდება მსგავს კონგლომერატებში. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ უნდა შეიქმნას განათლების პოლიტიკის გენერირებისა და დანერგვა-განხორციელების ერთიანი პლატფორმა- ოპერირების სივრცე. აბა, სად გაგონილა ომში რამდენიმე განსხვავებული სტრატეგიის გამტარებელი გენერალი ან გემზე კაპიტანი – ეს ხომ აპრიორი წაგებული თამაშია.
საკითხის პროფილურ თვისობრივ მნიშვნელობას რომ თავი დავანებოთ, ასევე, ყურადსაღებია მისი ეკონომიკური ხასიათი. მოხდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია და ინტელექტუალური, თუ ფინანსური კაპიტალის რაციონალური და, რაც უმთავრესია, შედეგზე ორიენტირებული გამოყენება”, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

თევზაძემ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.
„კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფა. კულტურა მრავალმხრივ სახელოვნებო მიმართულებას მოიცავს და ხასიათდება განსაკუთრებული სპეციფიკით. შესაბამისად, მათი მართვა და ადმინისტრირებაც ძალზე განსხვავებულ ძალისხმევასა და ხერხებს მოითხოვს. მე ნამდვილად მაქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება და ყოველთვის გავდივართ განათლებისა და კულტურის ძალიან სენსიტიურ ზღვარზე, რაც იწვევს კიდეც გარკვეულ პრობლემებს და შემდეგ უკვე მოგვარების საკითხშიც ბევრი ბარიერია.

კულტურასა და ყველა სახელოვნებო დარგს, როგორც ჟანგბადი, დამოუკიდებელი ოპერირების თვისობრივ- სამართლებრივი სივრცე ესაჭიროება”, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები