პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში რამდენიმე კანონპროექტს დაუჭირეს მხარი
საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს წინადადებით მიმართა, რომ კანონპროექტის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ კანონპროექტებთან ერთად კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვა მხოლოდ სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდეს.
კანონპროექტის განხილვა ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.
კობერიძის თქმით, კარგი იქნება, თუკი კომიტეტი ექიმებისა და კლინიკების წარმომადგენლების სურვილს გაითვალისწინებს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დაგეგმილი იყო საკანონმდებლო პაკეტის ორი კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვა, მაგრამ ვინაიდან საკითხი სამსჯელო იყო და აზრთა დიდ სხვადასხვაობას იწვევდა, მისი დაჩქარებული წესით განხილვა აღარ შედგა.
„ვფიქრობ, არავინ იყო შეზღუდული, საკმაოდ ნაყოფიერი მსჯელობა გაიმართა გაერთიანებულ კომიტეტებზეც და შემდეგ უკვე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზეც გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებაც მოხდა. მთავარი, რასაც ჩვენც არ ვეთანხმებოდით კომიტეტში, ის არის, რომ სასამართლო ამოვარდნილიყო ამ პროცესიდან. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ასე. თუ ასე იქნება, ამას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. არის შეთანხმება, რომ იყოს მხოლოდ წინასწარი შეტყობინების გარეშე, რომ მათ საშუალება მიეცეთ, მონიტორინგი ეფექტურად განახორციელონ, თუმცა სასამართლო რჩება თავის ფუნქციებში. დამატებით რამდენი კონსულტაცია შეიძლება იყოს საჭირო, საქმისთვის, ალბათ, სავსებით საკმარისი იყო ორი გაერთიანებული კომიტეტი, მერე ცალკეული კომიტეტები და დამატებითი კონსულტაციების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი, რომ საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილება და სასამართლოს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, ასევე, იქნება მეორე და მესამე მოსმენით განხილვაც და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მათში მონაწილეობა.
ამის შემდეგ, კომიტეტმა „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, პაატა მხეიძის, გია ბენაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, გოგი მეშველიანის, ენძელა მაჭავარიანის, სვეტლანა კუდბას, ფატი ხალვაშის, დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, პირველი მოსმენის შემდეგ აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ ბიზნესასოციაციებთან, პროფკავშირებთან, ევროკავშირთან და, საბოლოოდ, იყო ბევრი შენიშვნა წარმოდგენილი, რომლებიც ავტორებმა გაითვალისწინეს.
კომიტეტმა, წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა.
მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ პროექტში მხოლოდ ერთი, რედაქციული ხასიათის შენიშვნა განხორციელდა.