გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ახლა მთავარია, დაკავებულებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ბავშვი აღარ გვყავს და სიმართლე მაინც ვიცოდეთ

“მქონდა მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებდნენ, ვინაიდან იქ არაერთი პირი მონაწილეობდა მომხდარ დანაშაულში”, – ამის შესახებ “საქართველოს პირველ არხს” გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია, დაკავებულებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

„ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი გამართლდა. შინაგანად მქონდა მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებდნენ, ვინაიდან იქ არაერთი პირი მონაწილეობდა მომხდარ დანაშაულში. ახლა მთავარია, ამ პირებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მე ვთხოვ ყველა მათგანს, აქამდე თუ ისინი იყვნენ პასიურები და არ გვიწყობდნენ ხელს სიმართლის დადგენაში, იქნებ, ვინმე ფლობს რაიმე რეალურ ინფორმაციას გიორგის ეპიზოდთან მიმართებით, რომ ჩვენ გავარკვიოთ ბავშვის დაღუპვის არსებითი და ბოლო მიზეზი, თორემ რომ არის გამოწვეული წინარე კონფლიქტით და ბავშვი რომ მაგის გამოა დაღუპული, ყველამ ვიცით”, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, მოუწოდებს ყველას, გამოძიებას მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია, რათა სიმართლე დადგინდეს.

„ისედაც უბედურება გვეყოფა და ნუ დაგვიმატებენ. სასამართლოს ბოლომდე ვენდობი და მჯეროდა, რომ ასე იქნებოდა. ვერსია არ უნდა არაფერს, კამერებზე ასახულია, რომ ავტომანქანების მოსვლის შემდეგ, როცა ანგარიშსწორების მიზნით ჩამოვიდა ორი დამატებითი ჯგუფი, იქ გიორგი ჩანს ცალსახად. იმას არც ექსპერტი უნდა და ზედმეტი დაკვირვება. ბუნებრივია, ადვოკატები ადამიანებს იცავენ და მათ თავისი ტაქტიკა აქვთ. გიორგი ორივე შემთხვევაში იყო იმ ადგილზე, რასაც მოჰყვა მისი დაღუპვა. ექპერტიზის საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მარტო ექსპერტიზა არ არის ამოსავალი წერტილი. რა თქმა უნდა, ის ორიენტაციისთვის ყველაზე უფრო ძლიერი არგუმენტია. თუმცა, იმედია, გამოძიება დამატებითაც მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომელიც გაგვიადვილებს, დავადგინოთ გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი და არ ვიყოთ სიცრუის ტყვეები. ბავშვი აღარ გვყავს და სიმართლე მაინც ვიცოდეთ”, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები