“სერვისების მოსახლეობამდე მიტანა და ე.წ ფრონტოფისების ადგილებზე გადატანა ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც ვიყენებთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს”
სერვისების მიტანა მოსახლეობამდე და ე.წ ფრონტ ოფისების გადატანა ადგილებზე ერთერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამისთვის გამოყენებულია იუსტიციის სახლები, რომლებიც უკვე აშენდა ბოლნისში და წლის ბოლომდე გაიხსნება წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში.
გარდა ამისა, უკვე ფუნქციონირებს 11 საზოგადოებრივი ცენტრი, დასრულებულია კიდევ 3 საზოგადოებრივი ცენტრი – ხობში, ხარაგაულსა და ჭიათურაში.
„საზოგადოებრივი ცენტრები არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტის სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში”, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამას, მოსახლეობას ადგილზე მივაწვდით. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივები ხობიდან თბილისში ჩამოვიდნენ ინფორმაციის მისაღებად, როგორ გახდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები, ეს ადგილზე იქნება შესაძლებელი, რითაც ჩვენ მათ ცხოვრებას ვუმარტივებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.