დავით ზალკალიანი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-სა და პოლონეთის მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღლა ჟღერდა
“საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს”, – ამ სიტყვებით საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება.
“ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, პოლონეთი და აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები არიან და ისინი ამ პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავდნენ.
„მადლობას ვუხდით პრეზიდენტ დუდას საქართველოს მხარდაჭერი სიტყვებისთვის, რომლებიც მან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-სა და პოლონეთის მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღლა ჟღერდა“, – წერს ზალკალიანი.
პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია და ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე, ის თავს დაესხა საქართველოს“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.