რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის ელექტრონული წესით ხმის მიცემა და როგორ იგეგმება მათი გააქტიურება ქვეყნის განვითარების პროცესში – ნიკოლოზ ჩხეიძე დიასპორის როლზე

“ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის” თავმჯდომარე, ასოციაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე “კვირასთან” ემიგრანტების პრობლემებზე, სამომავლო გეგმებსა და მნიშვნელოვან ინიციატივებზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ემიგრანტების გააქტიურებისა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებში ჩაბმისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული წესით შეძლონ.
გარდა ამისა, ​ნიკოლოზ ჩხეიძის განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესების დამცველი დიასპორაა, ამიტომ, მისივე თქმით, ყველა ხელისუფლების დროს უნდა არსებობს მზაობა იმისა, რომ “ეფექტური იარაღი” აქციონ “ლობად“.

– თქვენ ბრძანდებით “ქართული თვისტომის” დამფუძნებელი, რომელიც წლებია, ქართველი ემიგრანტებისთვის დიდი და ძლიერი დასაყრდენია. ზუსტად რომ გვითხრათ, როგორ განვითარდა “თვისტომი” და იცვალა თუ არა გეზი ?

ასოციაცია “თვისტომი” 2003 წელს დაფუძნდა ნიუ იორკში, როგორც ქართული სათვისტომო ორგანიზაცია. მისი მთავარი მიზანი ქართული დიასპორის არაორგანიზებული, გაბნეული დიასპორის ერთიან სათვისტომოდ ჩამოყალიბებაა. სათვისტომოში წევრიანდებიან ემიგრანტები, რაც მათ საშუალებას აძლევთ, ისარგებლონ  ჩვენი ყველა სერვისით. მაგალითად, გვყავს სამედიცინო ჯგუფი და განკუთვნილია მათთვის, ვისაც დაზღვევა არ გააჩნია. ჩვენ შევადგინეთ სკრინინგ-ტესტი ქართველებისთვის, რადგან წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ გამოკვლევა პრევენციისთვის.
​გარდა ამისა, ვაპირებთ, ქართული სამედიცინო კლინიკა გავაკეთოთ, რომელიც მოემსახურება ქართველ ემიგრანტებს. ვაგრძელებთ ასევე უფასო პროგრამებს, ესენია მამოგრაფიის პროგრამა, სადაც შედის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოდ, ცე ჰეპატიტის პროგრამა და სხვა.
მთავარი იდეა მაინც ის არის, რომ შეიქმნას მექანიზმი, რითაც გავაკონტროლებთ ქართველების ჯანმრთელობის სტატუსს სათვისტომოში.
​გვინდა, რომ მოვახდინოთ დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის პაციენტების დიფერენცირება.
​დაწყებულია კრიზისმენეჯერების სისტემის დანერგვაც. ვავითარებთ ასევე ტელემედიცინის მიმართულებას. ძალიან ბევრი ქართველი ვერ გამოდის სამსახურიდან, რომ ექიმი მოინახულოს, ჩაიტაროს გამოკვლევები, ამიტომ ჩვენს ბაზაზე მას შეეძლება, ერთხელ მოვიდეს გამოკვლევაზე და ამ გამოკვლევების საფუძველზე საშუალება გვექნება, სახლიდან გაუსვლელად მოვემსახუროთ, მივცეთ გარკვეული მითითებები და მათ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.
​რაც შეეხება “თვისტომი მედიას” – ეს უკვე დიდი ხანია, არსებობს. 2018 წელს გავუშვით “თვისტომი” რადიო ეთერში, გარკვეული შეფერხების შემდეგ ისევ აღვადგინეთ და ახლა უკვე დაწყებულია გადაცემები. ჩართულია ვიზუალური მხარეც და “თვისტომი ტვ”-იც მალე ამუშავდება. მოგეხსენებათ, ქართულ ემიგრაციას არ გააჩნია ერთი საერთო ველი, სადაც გაიგებენ სხვადასხვა ინფორმაციას, თუ სად რა ხდება.
მინდა, რომ ასეთი სათვისტომო ორგანიზაციები სხვა ქვეყნებშიც შეიქმნას და იგივე ფუნქციები შეასრულონ.

– იმისათვის, რომ ემიგრანტები, რომლებიც გაფანტულები არიან სხვადასხვა ქვეყანაში, დააკავშიროთ და გააერთიანოთ, საფუძველი ჩაეყარა “ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციას”, რომლის თავმჯდომარეც ბრძანდებით, რას გვეტყვით ამაზე ? ​

​ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანებაა. ამის საფუძველზე უკვე გვაქვს რამდენიმე მიმართულება. გახლდით თბილიში, მოხსენება გვქონდა კავკასიისა და დიასპორის საკითხების საპარლამენტო კომიტეტზე, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი გეგმები და სურვილები. გამოვთქვით მზაობა საპარლამენტო კომიტეტსა და სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან თანამშრომლობაზე.
საკანონმდებლო არხი ერთერთი მიმართულებაა, სადაც იგულისხმება ქართული ემიგრაციის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ჩაბმა, ასევე, წარმომადგენლობითი დელეგირება პარლამენტში. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ემიგრანტები უფრო მეტად ჩართულები იყვნენ აღმასრულებელ ფრთაშიც. 2019 წელს ჩამოყალიბდა პრემიერთან არსებული დიასპორის სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, ამიტომ მზად ვართ, რომ ამ კომისაშიც ვიყოთ ჩართულები, სადაც უშუალოდ ვისაუბრებთ ჩვენს პრობლემებსა და გეგმებზე.

–  ბ-ნო ნიკა, როგორც აღნიშნეთ, ამ საქმიანობის მიზანი სწორედ ემიგრანტების გააქტიურებაა. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი და უახლოეს მომავალში რა ნაბიჯების გადადგას აპირებთ ?

​პირველ ყოვლისა, წარმოვადგინეთ რამდენიმე წინადადება, რომ ამ პრობლემებზე დაწყებულიყო მუშაობა. დღეს არის მომენტი, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობა პარლამენტის კომიტეტსა და მთავრობის კაბინეტთან.
​პირველი გეგმა არის, რომ ასობით ათას ქართველ ემიგრანტს არ აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ამას თავისი მიზეზი აქვს, არ არის საკმარისი საარჩევნო უბნები, ეს ტექნიკურადაც და ფიზიკურადაც ვერ მოხერხდება, გასაგებია. ამიტომ ვითხოვთ, რომ დაიწყოს მუშაობა ემიგრანტებისთვის ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცედურაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს თავისი აზრის დაფიქსირება და განახორციელოს კონსტიტუციური უფლება. ამაზე მუშაობა დასაწყებია, ვინაიდან ეს ყველა ემიგრანტის ინტერესია. ყოველ არჩევნებში, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ემიგრანტიდან საშუალოდ 16 ათასი პირი იღებს არჩევნებში მონაწილეობას.
​თუ მაქსიმალურად გვექნება იმის საშუალება, რომ ტექნიკურად, დაცული სისტემის საშუალებით მათ შეძლონ ხმის მიცემა, ემიგრანტების ხმას ექნება თავისი ფასი და წონა. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულად მიიჩნევს თავს, რომ მათ დაელაპარაკოს და მათი პრობლემები გაიზიაროს.

– ამ ინიციატივებზე რამდენად არის სახელმწიფოს მხრიდან მზადყოფნა ? 

ჩვენ ვამზადებთ პეტიციას ემიგრაციიდან, რომელიც ემიგრანტებისთვის ამ საშუალებების მინიჭებას ეხება. ეს არის საპარლამენტო თემატიკა, საარჩევნო კანონში ცვლილებაა შესატანი, რომ ელექტრონული წესით შეძლონ ემიგრანტებმა ხმის მიცემა. ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მუშაობა ტექნიკურმა ჯგუფმა, ვინც მაქსიმალურად დაცულს გახდის ამ პროცესს.

– ბ-ნო ნიკა, “საერთაშორისო კოალიციის” პროექტებში სასოფლო სამეურნეო მიმართულებაცაა, ასევე, ემიგრანტების დაბრუნების პროგრამა. რეინტეგრაცია როგორ წარმოგიდგენიათ,  რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი ჩაერთოს ამ პროცესში და შემდგომ უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში ? 

როგორც მოგახსენეთ, ჩვენ წარვადგინეთ კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე პროექტი. ერთერთი მთავარი იყო – “გეორგია”, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ემიგრანტების დაბრუნების რეალური საფუძველია, შეიქმნას სივრცე, სადაც მათ საშუალება მიეცემათ, თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გამოიყენონ. ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულება, ეს უფრო კომპლექსური თემაა: ახალი ტექნოლოგიები, გადამზადება/ტრენინგი, მეცნიერული მუშაობა, ახალი ლაბორატორიები, გამოგონებები… ასე რომ, “გეორგიაში” ყველა ტიპის პროფესიაა საჭირო. “გეორგიას” მეშვეობით შესაძლებელია ემიგრანტების დაბრუნება და მათთვის ხელსაყრელ პოზიციაზე განთავსება.
​ასევე, ჩვენ წამოვაყენეთ რამდენიმე სასოფლო სამეურნეო პროექტი, ეს არის ქართული გამოგონება – “ბიორაგი”, რომელიც ჯეროვნად ზრდის მოსავლიანობას. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემაა და ამ საკითხზე წერილი მივწერეთ პრემიერს, ველით მისგან ქმედით ნაბიჯებს, იმედია ჩვენს საინიციატოვო ჯგუფს შეხვდება და საქმიანი პროცესი გაგრძელდება.
ამავე წერილში ფაროსანას წინააღმდეგ გამოსაყენებელ გამოგონებულ პრეპარატზეცაა საუბარი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია და არ წამლავს გარემოს.
​მესამე პროექტია  სურსათის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც შეიძლება, არსებული ხილი გადაამუშაო და არ დაკარგოს კვებითი თვისებები პროდუქტმა.
​ეს სამი პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და, ასევე, ემიგრანტებისთვისაც, რადგან მათ გაუადვილდებათ ამ სფეროში წარმატების მიღწევა.

– ბ-ნო ნიკა, დიასპორა, როგორც “ლობი”, ქვეყნის ინტერესების დამცველია უცხოეთში, ცხადია, ძლიერი სათვისტომოების არსებობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რას ითხოვთ სახელმწიფოსგან, როგორი უნდა იყოს მისი როლი?

არ ვიქნები ორიგინალური, ვთქვა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსა და ერის ინტერესების დამცველი დიასპორაა. შესაბამისად, დღეს, როდესაც ასეთი ძლიერი დიასპორა არსებობს თავისი შესაძლებლობებითა თუ გამოცდილებით, მიგვაჩნია, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ამისი მაგალითი კი არ გვაქვს, დიასპორის როლი საქართველოს პროცესებში მინიმალურია.
​გვახსოვს, ახლო წარსულში კონგრესმენებს არასრული ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ეს ვნახეთ უკვე. ამითი კიდევ უფრო გამოჩნდა ინფორმაციისა და ურთიერთობის ვაკუუმი, რაც დღეს საქართველოს მთავრობასა და კონგრეს/სენატს შორის არსებობს. ამ შემთხვევაში, ქართულ ემიგრაციას ძალიან დიდი როლი შეუძლია, შეასრულოს, ბევრი ქართველია უკვე ამერიკის მოქალაქე. დიასპორას რაც შეუძლია, გააკეთოს, იმას საელჩო ვერ გააკეთებს. ჩვენი ურთიერთობა ასევე ამერიკულ მედიასთან უფრო გახსნილია. ბევრ ქართველს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიმართოს კონგრესმენს, სენატორს და თავისი პოზიცია გაუზიაროს, მაგრამ ამაში სახელმწიფოს ინტერესიც უნდა იყოს, რომ დიასპორა აქციოს “ლობად“. ესაა ჩვენი მთავარი იდეოლოგიური საფუძველი, რატომაც შეიქმნა ჩვენი კოალიცია. ასე თუ არ მოხდა, ეს ეფექტური იარაღი გამოყენებული ვერ იქნება.
​ჩვენი ოფისი უკვე დარეგისტრირდა თბილისში, გვყავს გენერალური მდივანი, რომელიც ჩვენი წარმომადგენელია. ის ასევე კოალიციის წარმომადგენელი იქნება საქართველოში არსებული სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების მიმართ, ანუ ჩვენი შუამავალია.
​ვფიქრობთ, რომ ასეთი ურთიერთობით უფრო აქტიურ ფაზაში გადავდივართ საქართველოსთან, ხელისუფლებასა და სხვა მესამე დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობაში, რომლებიც დაინტერესებულები არიან ემიგრანტებსა და კოალიციასთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები