“ძალამ, რომელიც მოწყურებულია რევოლუციას, გამოიყენა გავრილოვის შემთხვევა და შეეცადა, შტურმით აეღო პარლამენტი, ამიტომ მგონია, მათ კისერზეა იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც 20 ივნისს დაზიანდნენ”
“20 ივნისს, რიგითი მოქალაქეების გარდა, ასევე, დაზიანდნენ პოლიციელებიც, თუმცა, ეს მსჯელობის საგანი არ გახდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა, დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
„ვინც საჭიროა, რომელი თანამდებობის პირიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გამოიკითხოს გამოძიების ფარგლებში და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, მეორე თემაა. ჩვენ ვნახეთ, რომ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ პოლიციელებიც არიან დაზარალებული, რომელთაც ასევე აქვთ უფლებები. სამწუხაროდ, რატომღაც, ეს ნაწილი არ ხდება ხოლმე განსჯის საგანი.
სამწუხაროდ, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მოწყურებულია რევოლუციას, რადგან იცის, რომ სხვაგვარად პოლიტიკაში ვერ მოვა, გამოიყენა გავრილოვის ძალიან სამწუხარო შემთხვევა და შეეცადა, შემოვარდნილიყო პარლამენტში, შტურმით აეღო პარლამენტი, რომ კვლავ ხელისუფლებაში მოსულიყო. ამიტომ მგონია, რომ სწორედ ამ ადამიანების კისერზე არის იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც დაზიანდნენ 20 ივნისის მოვლენების დროს – როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე – პოლიციელები.
არაერთხელ მითქვამს, რომ დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს ყველა იმ პოლიციელს, რომელიც დაზარალდა და, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა. თქვენ მეკითხებით, მხოლოდ 8 დაზარალდა თუ არა და მე გეუბნებით, რომ ვინც დაზარალდა, ყველას უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი. 8- ზე მეტი არის, გეუბნებით, მეტი რა გავაკეთო?”, – განაცხადა კილაძემ.