ზაზა ლომინაძე: ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი მომავალი თაობები ავაცილოთ ნარკოდამოკიდებულებას
„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად ავაცილოთ ნარკოდამოკიდებულებას და ნარკოტიკის მოხმარებას,“ – ამის შესახებ ნარკოპოლიტიკისა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ „დღის ქრონიკაში განაცხადა“.
მისივე თქმით, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.
„პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ სამი დღის წინ დააანონსა ეს თემა და მომავალ კვირაში პრეზიდენტის ბრძანებით შეიკრიბება რიგგარეშე სესია, რომელზეც დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით განვიხილავთ ამ კანონს. დაწყებულია ყველა იმ პროექტზე მუშაობა პარლამენტში და მთავრობაში, რაც მისაღები და განსახილველია.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე ჩვენმა გუნდმა დააანონსა, რომ ვაპირებთ ნარკომანიასთან, ნარკორეალიზატორებთან სერიოზულ ბრძოლას. პარლამენტმა უკვე მიიღო რამდენიმე კანონი, სადაც გამკაცრდა როგორც რეგულაციები, ასევე სასჯელი. შემდეგი ნაბიჯი არის ჩანაცვლებითი თერაპიის უფრო მაღალ სიმკაცრეზე აყვანა. საკმაოდ ჰყავს მომხმარებელი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროგრამას. ის რეზულტატი, რაც საჭირო იყო, სამწუხაროდ, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ ვერ მოიტანა.
ამიტომ გვჭირდება გამკაცრება და ის, რომ სახელმწიფომ თავის ხელში მოაქციოს ეს საკითხები და თვალ-ყური ვადევნოთ ამ ადამიანებს, თუ როგორ მიდის მათი გამოჯანმრთელების პროცესი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად ავაცილოთ ნარკოდამოკიდებულებას და ნარკოტიკის მოხმარებას.
ჩვენი კანონები მაქსიმალურად არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონებთან და პაციენტის უფლებების დაცვის კანონიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვფლობთ მაგალითად, რა ხდება კერძო ჩანაცვლებით თერაპიებში. როდესაც მთლიანად ეს რაოდენობა მოექცევა სახელმწიფოს ხელში, გაიოლდება კონტროლი. ასევე გვექნება ნათელი სტატისტიკა, სად გვჭირდება ძალების მეტი მოზიდვა. ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებმა სამწუხაროდ, არ მოგვცა ის შედეგი, რისთვისაც იყო შექმნილი და როგორსაც ველოდით. ამიტომ თუ სტატისტიკა ამას გვაჩვენებს, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაკეთოთ რეაგირება, უფრო გავამკაცროთ ნარკოპოლიტიკა და რა თქმა უნდა, ლიბერალური მიდგომა აქ უკვე აღარ გამოგვადგება”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.