პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 104 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იშვიათი შემთხვევა მოხდა. კლინიკაში მოხვედრილ 104 წლის პაციენტს, რომელსაც მკურნალობის დროს გული გაუჩერდა, კლინიკის პროფესიონალთა გუნდმა მისი გადარჩენა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლა იღბლიანი პაციენტი კარგად გრძნობს თავს და მალე სახლში გაეწერება.

თსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, გენერალური დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ბედნიერია რომ გუნდმა პაციენტის გადარჩენა შეძლო.

,,104 წლის ქალბატონი სუნთქვის უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით ჩვენს კლინიკაში შემოვიდა. მაშინვე დაისვა მძიმე სეფსის დიაგნოზი. რამდენიმე საათში პაციენტს გული გაუჩერდა, სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და ჩატარდა რეანიმაცია და ჩვენი კლინიკის გუნდის პროფესიონალიზმის წყალობით პაციენტი გადარჩა. 72 საათში მოიხსნა სუნთქვის აპარატიდან. სხვათა შორის მას ჩვენს კლინიკაშივე შეუსრულდა 105 წელი. ახლა პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და სულ მალე დატოვებს კლინიკას.

ეს შემთხვევა განსაკუთრებულია და სამედიცინო ლიტერატურაშიც ძალიან იშვიათად არის აღწერილი შემთხვევა, როდესაც 100 წელს გადაცილებული ადამიანის გულის გაჩერების შემდეგ მისი გადარჩენა შესაძლებელი გამხდარიყო. მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო და 105 წლის ქალბატონს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ”,- ამბობს რატიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები