ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს კამპუსის ტურზე უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) აბიტურიენტებს და KIU-ში სწავლით დაინტერესებულ პირებს კამპუსის ტურზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, KIU-ში მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, რომელმაც აბიტურიენტებს KIU-ს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ახალი აკადემიური წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა. შეხვედრას დაესწრო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ესენია: მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM), ფედერიკო ll-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბამბერგის უნივერსიტეტი, კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა. სწავლა ხორციელდება ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ და მიმდინარეობს როგორც ინგლისურ, ისე ქართულ-ინგლისურ ენებზე (შესაბამისი ფაკულტეტების მიხედვით).
აბიტურიენტები პირადად შეხვდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და დაათვალიერეს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი. კამპუსის ტურზე მოსულ სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს KIU-ს სტუდენტებმა.
აღსანიშნავია, რომ 2025-2026 აკადემიურ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შთამბეჭდავი სიახლეებითა და მიზნებით ხვდება. KIU-ს აკადემიურ სივრცეს სხვადასხვა საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა.
კერძოდ, უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს, მიიღონ ორმაგი დიპლომი ნეაპოლის (იტალია) ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მედიცინასა (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა) და დიზაინში (სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა). ფსიქოლოგიის მიმართულებით კი, უნივერსიტეტში იწყება ერთობლივი, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა ბამბერგის (გერმანია) უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამები იძლევა დიპლომების საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას.
KIU-ში სტუდენტებს ელოდებათ 160 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოპები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.
KIU-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კოდია – 197.
KIU-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი, ხორციელდება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით);
- მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი, ხორციელდება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით);
- მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი, ხორციელდება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით);
- დიზაინი (ინგლისურენოვანი, გაიცემა KIU-სა და ნეაპოლის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომი);
- სამართალმცოდნეობა (ქართულ-ინგლისური);
- ფსიქოლოგია (ქართულ-ინგლისური, გაიცემა KIU-სა და ბამბერგის უნივერსიტეტის ერთობლივი დიპლომი).
KIU-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:
- მედიცინა (ინგლისურენოვანი, გაიცემა KIU-სა და ნეაპოლის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომი).
KIU-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა – პროგრამა შემუშავებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – საქპატენტთან (სსიპ „საქპატენტი“) მჭიდრო თანამშრომლობით;
- ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები – პროგრამა შემუშავებულია კაიზერსლაუტერნი-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU) თანამშრომლობით. კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი ხარისხი;
- ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი – პროგრამა შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.