ხატავს, ქსოვს გობელენებს, ქმნის ხელნაკეთ ნივთებს. სამხატვრო აკადემიის ტექსტილის ფაკულტეტი დაამთავრა. თუმცა დაოჯახების გამო აქტიურად ვეღარ ხატავდა. გობელენებს კი ქსოვდა. შეკვეთებსაც იღებდა. ამჟამად ხეზე მოხატვა იტაცებს. ფაიფურის და კერამიკის ფილებზე ხელით ხატავს.
ერთხანს ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნიდა, ამბობს, რომ ეს ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა.
უყვარს აკვარელი. აკვარელში შესრულებული მრავალი ნახატი აქვს, მათ შორის ფერთა ჰარმონიით გამოირჩევა ყვავილები. – მარი ჩხარტიშვილის პერსონა.
– სტუდენტობა…
– არაჩვეულებრივი იყო ჩემი სტუდენტობა, ის დრო – 77-82 წლები საუკეთესო პროფესორები მასწავლიდნენ. ძალიან ბევრი შემძინა აკადემიაში სწავლამ.
– მრავალფეროვანი შემოქმედება გაქვთ. ხატავთ, ქსოვთ გობელენებს, ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ… რით ახსნით ამ მრავალფეროვნებას? და მაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– მე ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ტექსტილის დიზაინზე. ადრე ვქსოვდი გობელენს, ვაკეთებდი ბატიკას, ახლა ხელნაკეთ ნივთებზე ვმუშაობ, ხეზე მოხატვა მიტაცებს, ასევე – კერამიკაზე.ვაკეთებ ექსკლუზიურ სარკეებს, ფაიფურის ან კერამიკის ფილებზე ხელით ვხატავ, შემდეგ ღუმელში ვწვავ ფილებს და ასე ავაწყობ ხოლმე სარკეებს ხის ზარდახშებზე. ვმუშაობ დეკორატიულ დაფებზე, ორ ერთნაირს არ ვაკეთებ. ნამუშევრების უმეტესობა ქართულ თემაზეა.
გვქონდა არაჩვეულებრივი პრაქტიკები: ბალტიისპირეთში, რუსეთში… სრულიად უფასოდ ვესწრებოდით ევროპის ქვეყნების მუზეუმებიდან ჩამოტანილ ექსპოზიციებს მოსკოვში, პუშკინის მუზეუმში… პრადოს მუზეუმიდან ექსპოზიცია ჩამოიტანეს და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, სტუდენტებზე.
– ნატურმორტები არის ბუნებრივი, მრავალმხრივი ხასიათებით, განწყობით… აკვარელით ხატვა იოლი არ არის. რატომ გიყვართ აკვარელი?
– ნატურმორტებს აუცილებლად ნატურიდან ვხატავ. ძალიან მიყვარს აკვარელი. აბიტურიენტობის დროს ვემზადებოდი არაჩვეულებრივ მხატვარ-კერამიკოსთან, ქალბატონ ირა გაჩეჩილაძესთან, რომელმაც ძალიან შემაყვარა აკვარელი.
– რომელ ნახატს გამოარჩევდით საინტერესო ისტორიით?
– ერთი ნახატი ძალიან მიყვარს – „ზამთარი ვერაზე”. სტუდენტობის დროს მე ვცხოვრობდი ბელინსკის (ჭოველიძის) ქუჩაზე. ეს ნახატი მაშინ დავხატე ჩემი ფანჯრიდან, მაღალი სიცხე მქონდა. არასოდეს დამავიწყდება და მაგონებს იმ წლებს.– საინტერესოა ჩანახატები აკვარელში, სერიიდან „ძველი თბილისის ქუჩები“, „თბილისური ეზოები“… როგორ შეიქმნა ეს სერიები?
– მიყვარს ძველი თბილისის ხატვა აკვარელში. პლენერზე ადრე უფრო ვმუშაობდი. ახლა ვიწყებ პლენერზე და მერე სახლში ვასრულებ.
– გრაფიკული ნამუშევრები. და მაინც, რომელს ანიჭებთ უპირატესობას – ფერწერას თუ გრაფიკას?
– გრაფიკული ნამუშევრებიც მიყვარს და ფერწერულიც…– ყვავილები… რომელი ყვავილი გიყვართ? რომელ ყვავილს ხატავთ ყველაზე ხშირად?
– ყვავილები ძალიან მიყვარს. მაქვს ბაღი, ყველანაირი ყვავილით – ვარდებით, გერანებით, ვუვლი და მინდა მქონდეს უკეთესი. ბევრი შრომაა საჭირო. განსაკუთრებით მიყვარს პელარგონიუმი. უამრავი მაქვს და მაინც ვყიდულობ ახალ ჯიშებს. ყვავილი, რომელიც ზამთარ-ზაფხულს ყვავის…
– შთაგონება?
– შთაგონებას მაძლევს უცხო ქვეყნებში მოგზაურობა, თბილისის ძველ უბნებში სეირნობა, საინტერესო მხატვრების გამოფენებიც…– ხელოვანი და დღევანდელობა. თანამედროვე შემოქმედი და ბარიერები?
– დღეს ძალიან ხშირად ეწყობა გამოფენები, ძალიან საინტერესო ახალ მხატვრებს ვეცნობით, საინტერესო მიმდინარეობებს აღმოვაჩენთ ხოლმე, მაგრამ არიან მხატვრები, რომლებსაც არ შეუძლიათ, გადაიხადონ ის მიზერული საფასურიც… პროფესიონალ მხატვრებს ვგულისხმობ და ამას უნდა მიექცეს ყურადღება. ეს კულტურის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს.
მხატვარს სტიმული და მოტივაცია უფრო ექნება. ეს ჩემი მოსაზრებაა.
– ოჯახი… ხატვა კიდევ ვის უყვარს ოჯახში?
– ორი შვილი მყავს. ერთი იურისტია და უყვარს ხატვა. ადრე კარიკატურებსაც ხატავდა. მეორე არქიტექტორია და კარგად ხატავს.
– ჰობი…
– ისევ ყვავილები; კითხვა; საინტერესო ფილმები; მოგზაურობა.
– გამოფენები. სამომავლო გეგმები…
– გამოფენები მხოლოდ ჯგუფური: პარიზში, ამსტერდამში, თბილისში. ხშირად არ ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში, კერძო კოლექციები ჩემი აკვარელების (და არა მარტო აკვარელების) არის ბევრ ქვეყანაში: გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, რუსეთი, უკრაინა, ავსტრია, აშშ, ბალტიისპირეთი, ჩეხეთი…
თამარ შაიშმელაშვილი