როგორ მიმდინარეობს ბინაზე ცხოველების შემოწმების პროექტი და რა დარღვევები ვლინდება – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი ,,კარდაკარის” შესახებ საუბრობს
როგორ მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობები ბინაზე, კარდაკარ მოწმდება, რა დარღვევები ვლინდება და რა ვალდებულებები აქვთ ცხოველების მეპატრონეებს – ამ საკითხებთან დაკავშირებით „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ვლინდება, რომ ცხოველის მოვლა-პატრონობის წესები შესრულებული არაა.
“მოგეხსენებათ, “ცხოველთა მონიტორინგის” სააგენტოს ძირითადი მიზანი თბილისში შინაური ცხოველების პოპულაციების მართვაა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პატრონიანი ცხოველების რეგისტრაციის ბაზის წარმოებაა. მეპატრონეები ვალდებულები არიან, საკუთარი ცხოველები დაჩიპონ, დაარეგისტრირონ, მეტისი ცხოველები გაასტერილონ და ვაქცინაცია გაუკეთონ. სწორედ იმ მიზნისთვის, რომ ჩვენ ეს ღონისძიებები განვახორციელოთ, პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონეების ვალდებულების შესრულება მოხდეს, ჩვენ პროექტი “კარდაკარ” დავიწყეთ. ყოველდღიურად ქუჩაში უმეთვალყურეოდ დატოვებულ პატრონიან ცხოველს ვხვდებით, რომლის იდენტიფიცირებაც შემდეგში ვერ ხდება. მიუსაფარი ცხოველების გამრავლების პირველი წყარო სწორედ ესაა. ჩვენი თანამშრომლები პროექტ “კარდაკარის” ფარგლებში, წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან. პროექტი მიზნად, სწორედ ცნობიერების ამაღლებას, მეპატრონეების მხრიდან ვალდებულებების შესრულებას ემსახურება. ჩვენ მისამართებზე დავდივართ, ვთავაზობთ იმ პროცედურებს, რაც მეპატრონეებმა უნდა შეასრულონ. მეპატრონეებს ცხოველების ვაქცინაციას, რეგისტრაცია- იდენტიფიცირებას ჩიპის მეშვეობით ადგილზე ვთავაზობთ, სტერილიზაცია/ კასტრაციას კი მუნიციპალურ თავშესაფარში, ან ვეტერინარულ მანქანაში.
პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მოსახლეობის ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია . მინდა, გითხრათ, რომ ამ ერთი თვის, განმავლობაში, რაც პროექტი დაიწყო, მისამართზე მისვლისას ადამიანები უკვე ინფორმირებულები არიან, რომ პროექტი არსებობს და ასეთ პროცედურებს ვთავაზობთ. სამწუხაროდ, მისამართებზე გასტერილებული პატრონიანი ცხოველი, რეგისტრირებული ცხოველი ნაკლებად გვხვდება და ეს სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ახლაც და მომავალშიც ამ პროექტის განხორციელება საჭიროა.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ცხოველის მოვლა-პატრონობის წესები შესრულებული არაა. როგორც გითხარით, ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ყველა მეპატრონე ვალდებულია, რომ საკუთარი ცხოველი დაჩიპოს, ვაქცინაცია გაუკეთოს, სახლში ცხოვრებისთვის მინიმალური პირობები შეუქმნას , მეტისის შემთხვევაში გაასტერილოს. ძირითად შემთხვევაში ეს მოვლა-პატრონობის წესები დარღვეულია. მინდა, გითხრათ, რომ უმეტეს შემთხვევაში მეპატრონეები სურვილს გამოთქვამენ, რომ საკუთარ ცხოველს ყველა ეს პროცედურა ჩაუტარონ, ჩიპირება და ვაქცინაცია ადგილზე გაუკეთონ, ცხოველის სტერილიზაცია/ კასტრაციის სურვილსაც გამოთქვამენ და პროცედურაზე ჩაწერა ჩვენი თანამშრომლების მიერ ხდება”- განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.
მისივე თქმით, ამჟამად მონიტორინგი გლდანის რაიონში მიმდინარეობს.
“პროექტი, ძირითადად, საკუთარი დასახლებებით დავიწყეთ. მაგალითად, ამჟამად გლდანის რაიონში ვმუშაობთ და კარდაკარ ყველა მისამართზე დავდივართ. რა თქმა უნდა, ცხოველი ყველა მისამართზე არ გვხვდება. რიგ შემთხვევაში, მოქალაქეები უბრალოდ არ გამოთქვამენ სურვილს, რომ მონაწილეობა მიიღო. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ ჩვენი კვლევისთვის ესეც მნიშვნელოვანია. გარდა ცნობიერების ამაღლებისა , ჩვენი სააგენტო შიდა კვლევას აკეთებს და ამ კვლევის მიხედვით მომდევნო სამუშაოების დადგენა მოხდება, თუ რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, ძირითადად რა დარღვევებია და ა.შ. რა თქმა უნდა, სხვა რაიონებშიც გადავალთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ეს პროექტი მიმდინარე წელს განვახორციელოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მომავალ წელსაც გავაგრძელოთ. ამას სამუშაო პროცესი გვიჩვენებს.
უკანასკნელი კვლევის [2023 წლის] მიხედვით, დადგინდა, რომ ქალაქში დაახლოებით 32 000-მდე მიუსაფარი ცხოველი გვყავს. ჩვენმა სააგენტომ მხოლოდ წინა წელს 10 000-მდე სტერილიზაცია/ კასტრაციის ოპერაცია გააკეთა. ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობით ოპერაცია კეთდება როგორც ჩვენთან, ასევე კერძო კლინიკებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან გამრავლების ძირითადი წყარო შეზღუდული ჯერ კიდევ არ არის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პატრონიანი ცხოველები იგულისხმება. ეს პრობლემა ყოველდღიურად გვემატება, რადგან მეპატრონეებს საკუთარი ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, მათთვის სტერილიზაცია/ კასტრაცია გაკეთებული არ აქვთ. სწორედ ამის შედეგია ის, თუ რა რეალობის წინაშეც ვდგავართ. ასეთი პროექტები სწორედ ამიტომაა საჭირო”- განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.