“მინდა, შევუერთდე იმედს, რომ მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს პასუხისმგებლობას და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს”
“მინდა, შევუერთდე იმედს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამოხატული აქვს საჯაროდ სურვილი, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა, აიღებს პასუხისმგებლობას, გამოცხადდება დარბაზში და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მხარდაჭერის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაც შეაფასა.
„მიმაჩნია, რომ კარლ ჰარცელის განცხადება არის ოპოზიციის მიმართ გზავნილი. უმრავლესობამ თითქმის სრული შემადგენლობით და პარლამენტის ყველა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, სწორედ ჩვენი ხმებით გავიდა ეს ცვლილება. შეთანხმების ფასილიტატორებისა და მოდერატორების მხრიდან არის მოლოდინი, რომ ვინაიდან ყველამ დადო პირობა და აიღო ვალდებულება, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემდა, იყო მოლოდინი, რომ ისინიც სხდომათა დარბაზში იქნებოდნენ და ხმას მისცემდნენ. მეც მინდა, შევუერთდე ამ იმედს, რომ მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამოხატული აქვს საჯაროდ სურვილი, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა, აიღებს პასუხისმგებლობას, გამოცხადდება დარბაზში და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა – “ვიმედოვნებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს 142 ხმა ექნება“.