პროკურატურამ უცხოური კომპანიების ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირის მიმართ დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა, რის შედეგადაც სამი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა უცხოური საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ საქართველოში ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ანალოგიური სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.
“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მოხდა ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევა, მათი ბიზნესსაქმიანობის შესწავლა და შეცდომაში შეყვანის მიზნით რეალური ბიზნესპარტნიორი კომპანიების საბანკო ანგარიშების მონაცემების ცვლილება, რის შედეგადაც 2020 წლის მაისში ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები, რეალური კონტრაგენტების (თანხის მიმღებების) ნაცვლად ჩაირიცხა ო.კ-სა და დ.ქ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოების საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს 134 962 ევროს ოდენობის ზიანი მიადგათ.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ნაწილი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას ყადაღა დაედო, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიებს დაუბრუნდებათ.
ბ.ა-ს, ო.კ-სა და დ.ქ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ”, – ნათქვამია პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
უწყების ცნობით, ბ.ა-სთვის, ო.კ-სა და დ.ქ-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.