არჩილ თალაკვაძე: მინდა თანაბრად გამოვყო როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის როლი და მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში

“პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პირველად პოლიტიკურ ისტორიაში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარსულში იყო ხელისუფლებაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა 2018 წელს ჩაატარა საკონსტიტუციო რეფორმა და მიიღო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის საარჩევნო სისტემის სრულად შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელით. დღეს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი უკვე არსებობს და ეს უკვე არის ისტორია. 2024 წელს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს პროპორციული სისტემით. ეს იყო საკმაოდ გრძელი პოლიტიკური პროცესის შედეგი. არაერთი მოწვევის პარლამენტმა, არაერთმა პოლიტიკურმა თაობამ საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში იკამათა და განიხილა ეს საკითხი, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პირველად პოლიტიკურ ისტორიაში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარსულში იყო ხელისუფლებაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, მისასალმებელია, რომ მათი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ ცვლილებებს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. მინდა თანაბრად გამოვყო როგორც მმართველის გუნდის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის როლი, მონაწილეობა და მხარდაჭერა ამ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალა გლობალურმა პანდემიამ, საქართველომ, მისმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და შეძლო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის აღდგენა, მისი ჩატარება ოპტიმალურ ვადებში და ზუსტად დღეს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ, ეს პროცესი კანონმდებლობის თანახმად არის დასრულებული. ჩვენ გადავდივართ შემდგომ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა, თქვენ კოლეგებო, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები