დავით ჩიხელიძე: 20 ივნისს მთავრობამ არ დაუშვა სახელმწიფო გადატრიალება, რისი აშკარა ნიშნებიც არსებობდა

„20 ივნისს მთავრობამ არ დაუშვა სახელმწიფო გადატრიალება, რისი აშკარა ნიშნებიც არსებობდა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება არასამთავობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს.

მისი თქმით, გასული წლის 20 ივნისის მოვლენები წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

„20 ივნისი, დღე, როდესაც საქართველომ აჩვენა, რომ ის როგორც სახელმწიფო შედგა და შესწევს უნარი პროვოკაციას, გადატრიალების მცდელობას ადეკვატურად უპასუხოს. ჩემთვის 20 ივნისი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი არის ადამიანთა გულწრფელი პროტესტი, ხოლო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა მიერ ადამიანების „საზარბაზნე ხორცად” გამოყენების მცდელობა. სწორედ ოპოზიციის „დამსახურებით” მოხდა პროტესტის რადიკალიზაცია, ხოლო მას შემდეგ რაც პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, სახელმწიფო იძულებული გახდა შეესრულებინა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა და საპოლიციო მოქმედებები გაეტარებინა. 20 ივნისს მთავრობამ შეძლო და არ დაუშვა სახელმწიფო გადატრიალება, რისი აშკარა ნიშნებიც არსებობდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის აქცია გაცდა გამოხატვის თავისუფლებას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც აქციის მონაწილეთა მიერ აგრესიასა და პოლიციის წარმომადგენლებზე თავდასხმაში გამოიხატა, აქციაზე ასევე იყო მოწოდება პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, მოწოდებას ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებდნენ, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ მდგომარეობის განეიტრალება მოეხდინათ, ყველაფერს აკეთებდნენ სიტუაციის რადიკალიზაციისთვის. 20 ივნისი იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, (ოპოზიციის წარმომადგენლებმა გასული ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული არაერთხელ დაადასტურეს) რაც თუნდაც იმით დასტურდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაიცა საეჭვოდ ბევრი საშვი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობაში (სხდომათა დარბაზში) მოხვდა ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ პარლამენტში შეჭრა წინასწარ იყო განზრახული. პროვოკატორებს ერთი რამ დაავიწყდათ, სახელმწიფოს სიძლიერე და გამართული მუშაობა, რომელიც ყოველთვის საკადრის პასუხს გასცემს მათ, ვინც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, მსგავსი უპასუხიმგბელო, პროვოკაციული მეთოდებით შეეცდება!”, – აცხადებს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები