ირაკლი კობახიძე: 117 დეპუტატს აქვს დადასტურებული დოკუმენტის მხარდაჭერა, ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე მცირეა
“117 დეპუტატს აქვს დადასტურებული დოკუმენტის მხარდაჭერა, ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე მცირეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადგან ემზარ კვიციანმა “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა, მასთან კონსულტაციები იქნება საჭირო, თუ რამდენად აძლევს ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ჩვენგან, „ქართული ოცნებიდან“ არის 92 პარლამენტის წევრი და რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს, დადასტურებული აქვს 25 დეპუტატს, რაც არის, ჯამურად, 117. აქ არის ერთი პატარა ნიუანსი. ემზარ კვიციანმა დატოვა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია. ემზარ კვიციანიც იყო შესაბამისად თავის დროზე შეთანხმების ნაწილი. გამომდინარე იქედან, რომ შეთანხმების ხელმოწერის დროს ის იყო „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიისა და ფრაქციის წევრი, შესაბამისად აქ, ალბათ, მოსაკითხია, კონსულტაციები დაგვჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აძლევს ის ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველა შემთხვევაში არის გარანტირებული ის, რომ 113-ზე რამდენიმე დეპუტატით მეტი მისცემს ხმას ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური პროექტი პირველი მოსმენით 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.
ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.