“თურმე, ჟორიკა რურუა ყოფილა ოპოზიციის ლიდერი, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე?”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა.
„ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისისთვის აღმაფრთოვანებელი მზადყოფნა აჩვენა და ახლა უნდა გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერი, გიორგი რურუა და მიიღოს საკონსტიტუციო რეფორმები”, – დაწერა კარპენტერმა სოციალურ ქსელში.
ხაინდრავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი შეთავაზებასაც გამოეხმაურა, რომელიც ერთიანი სიის შექმნას გულისხმობს.
“სულხან-საბას იგავები ხომ იცით? იქ არის ერთიანი სია. “ტერარიუმს” ტყუილად კი არ ვეძახი მაგათ. მანდ ერთობის ნასახი არ არის, არც იყო და არც იქნება. ამას დადასტურებულად გეუბნებით. თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, ტერარიუმის ნებისმიერი წარმომადგენელი, აგერ, ეკრანია, სააგენტოებია, მოვიდნენ და დამისხნდნენ. მთელი საზოგადოების გასაგონად, ძალიან სწრაფად დავუმტკიცებ, რომ შეუძლებელია ბურჯანაძისა და ბოკერიას ერთობა. ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე. თუ ეს მოხდა, ვფიქრობ, ეს გაუადვილებს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას.
სააკაშვილი პროვოკატორია თავისი ბუნებით. მხოლოდ ამას აკეთებდა ყოველთვის. გასაგებია, რომ არავის ადგილი არ დარჩება სიაში, რა შანსები აქვთ მათ, პოლიტიკური პარტიები თუ შეიძლება, რომ დავარქვათ? მე ადრეც დავუსვი პრესას კითხვა – იქნებ, მეორე ადამიანი მითხრან იმ პარტიების წარმომადგენელი, ვინც იმ მაგიდასთან ზის. პირველის გვარიც კი ყველას არ ახსოვს. ნაწილი ისეთი ზის იქ, ვინც არავინ იცის, რა გვარია, ვინ არის, რა გაუკეთებია, პოლიტიკური პარტია კი ჰქვიათ. რაღაც მინიმალური შანსი შეიძლება, ჰქონდეთ ცალ-ცალკე, 13 000 ხმა შეიძლება, მოიპოვონ და ერთი დეპუტატი გაიყვანონ, მაჟორიტარებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
გუშინწინდელ დღეში დარჩნენ. არამარტო ეგენი, ძალიან ბევრი მსოფლიოში, პოლიტიკაში დარჩა გუშინწინდელ დღეში. აღარ ესმით, რომ ახალი დრო მოვიდა. ამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. გააშეშა მსოფლიო. დღეს ჩვენ სხვა მსოფლიოში ვიწყებთ ცხოვრებას. ისეთი პოლიტიკოსი, გუშინწინდელი დღის, როგორიც არის, მაგალითად, კარპენტერი, აცხადებს, რომ ამ ოპოზიციის ლიდერი ყოფილა გიორგი რურუა. ჟორიკა რურუა არის საქართველოს ოპოზიცის ლიდერი! ახდა, როგორც იქნა, ყველამ გავიგეთ, ვინ არის ოპოზიციის ლიდერი. აქამდე შალვა მეგონა, თურმე, ჟორიკა რურუა ყოფილა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე? ან ის კარპენტერი რას წარმოადგენს? რამდენიმე დღის წინ მქონდა წერილი, სადაც ამ ყველაფერს ვწერდი, ზუსტად მეორე და მესამე დღეს დადასტურდა, რასაც ვწერდი – რომ არც წაუკითხავთ საერთოდ ის ანგარიში, ისე მოაწერეს ხელი. იგივეა აქაც. ამ კარპენტრმა რომ იცოდეს, რომ ეს კაციჭამიაა და რა ხდება საერთოდ, რას წარმოადგენს… ჩვენ ხომ ვიცით, ქართველებმა. ბოკერიების, ჩერგოლეიშვილების, ამ ტერარიუმის გასაგონად არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს ბედი საქართველოში წყდება. ქართველი ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს და არა – კარპენტერი, თუ პოლონელი დეპუტატი. მოვა ოქტომბერი და არჩევნებზე ზუსტად იტყვის ქართველი ხალხი – ჟორიკა რურუა არის, თუ არა ლიდერი, რამდენად მაჟორიტარია გიგა ბოკერია, რა დამსახურება აქვს მიხეილ სააკაშვილს. არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, იქედან რას გვიკიჟინებენ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
თამუნა შეყილაძე