საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის.
„რა თქმა უნდა, სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. როგორც იცით, საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო პროცესი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვისაც საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის ისევე, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის, რომ კონკრეტულ სამართალდარვევებსა და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და საქართველოს სასამართლომ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.