რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი მსოფლიო ასპარეზზე გლობალური, ძლევამოსილი მოთამაშის პოზიციის დაცვაა. ამ მიზნის მისაღწევად, სამეზობლოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენა ოფიციალური მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კრემლი აგრესიული ქმედებებით, სპეცსამსახურების, სამხედრო, საინფორმაციო, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა მეთოდებით დაუღალავად ერევა სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, არღვევს სუვერენიტეტის პრინციპსა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. საქართველო, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსულ რადარზე საპატიო ადგილს იკავებენ, თითოეულს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ქვეყნის 2020-2024 წლების ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტს მოაწერა ხელი. დოკუმენტში რუსეთი „აგრესორად“ მოიხსენიება. ამ ამბავში განსაკუთრებული ის არის, რომ რუსეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოფიციალურად პირველად, დასახელდა რუმინეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ.
რუმინეთის თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, კრემლის მიდგომები და ქმედებები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს არღვევს. ასევე, ოფიციალური მოსკოვის „შეტევითი“ და „აგრესიული“ სამხედრო აქტივობები შავ ზღვაში ესკალაციის რისკს ზრდის. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის აღმოსავლეთ საზღვარზე ნატო-ს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით რეგიონულ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ყურადღებას კონსოლიდირებული თავდაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებს და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით რუსეთის შეჩერების აუცილებლობას ხაზს უსვამს.
რუმინეთი არ არის არც პირველი და არც ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად სახელმწიფოებრივ დონეზე განსაზღვრავს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.
„რუსეთის ფედერაციის მზაობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფით,ღია სამხედრო აგრესიისა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით ხელყოს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება. რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალების მოდერნიზება და რეგიონზე ზეგავლენის განმტკიცების მცდელობა ზრდის აგრესიის გაგრძელების რისკს, რაც ნათლად დადასტურდა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც რუსეთის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი რეგიონის ენერგორესურსებსა და მათ გადანაწილებაზე კონტროლის მოპოვებაა.
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის საფრთხეების შეფასების ანგარიშებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის აგრესიულ აქტივობებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, საქართველოშიც. ანგარიშებში კრემლის, როგორც აგრესორის იმიჯის ოფიციალურად დეკლარირება ხდება. ორივე ქვეყანა აქტიურად საუბრობს შავი ზღვის მილიტარიზაცაზე, რუსეთის გაზრდილ სამხედრო კონტიგენტზე, საქართველოს ოკუპაციასა და რეგულარულ რუსულ სამხედრო სწავლებებზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს.
ლიეტუვას საფრთხეების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია რუსეთისა და ბელარუსის სადაზვერვო სამსახურების აქტიურობა ლიეტუვას ტერიტორიაზე. ესტონეთის 2020 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტის ერთადერთ ეგზისტენციალურ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აქტივობებს ასახელებს.
ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს რუსეთი სერიოზულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს. გავლენის მოსახდენად და მისთვის მისაღები კანდიდატების მხარდასაჭერად კრემლმა შესაძლოა, მიმართოს სხვადახვა ტიპის მეთოდს, მათ შორის, განახორციელოს კიბერთავდასხმები. აღნიშნული მოსაზრება რუსეთის წარსულ აქტივობების, კონკრეტულად კი სხვადასხვა მეთოდით (კიბერთავდასხმები, დეზინფორმაცია, მოსყიდვა) უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევის გათვალისწინებით საკმაოდ ლოგიკურია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანალოგიურ დოკუმენტში ესტონეთის საგარეო დაზვერვა ხაზს უსვამდა რუსეთის შესაძლო ჩარევასა და ზეწოლას 2019 წლის ბელარუსის საპარლამენტო და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე, კრემლის ჩარევის საფრთხეს ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებში.
ესტონეთის აზრით, რუსეთისთვის პრიოტიტეტულია, გავლენა შეინარჩუნოს ბელარუსზე და მინსკისა და დასავლეთის დაახლოება შეაკავოს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კრემლი ცდილობს, რუსეთ-ბელარუსის საინტეგრაციო შეთანხმების საკითხი გაააქტიუროს. უცვლელია მოსკოვის სტრატეგია უკრაინის მიმართაც, რუსეთი ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინიოს შუამავლად უკრაინულ მხარესა და არაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. მთავრობებს შორის, ასევე, ცდილობს, დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოუგვარებლობა კიევს დააბრალოს. ამასთან ერთად, უკრაინაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მოსახდენად კრემლი იყენებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის გაზსადენი. საგულისხმოა, რომ ესტონეთის აზრით, ქვეყანაზე რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმა მოსალოდნელი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ოფიციალურ მოსკოვს ნატო-სთან სამხედრო დაპირისპირება არ სურს. 2020 წლის საფრთხეების შეფასების ანგარიშში ესტონეთი იმასაც აცხადებს, რომ სხვადასხვა ოპერაციის მეშვეობით კრემლი მოლდოვას საშინაო საქმეებში ერევა, სადაც მის მთავარ დასაყრდენს იგორ დოდონი და მისი სოციალისტური პარტია წარმოადგენენ.
ჩამოთვლილი ქვეყნები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ კრემლის კიბეროპერაციებს. საგულისხმოა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე თავდასხმა რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა – Fancy Bear-მა განახორციელა. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ ოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და შესრულდა. ეს თავდასხმა დაგმეს როგორც ესტონეთმა, ლიეტუვამ და რუმინეთმა, ასევე, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, დანიამ, პოლონეთმა, ნოვერგიამ, ჩეხეთმა, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, კანადამ, ავსტრალიამ და უკრაინამ.
როგორც ვხედავთ, კრემლი წარმატებით ახერხებს არაერთი ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტში საპატიო ადგილის დაკავებას, რაც მისი აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. პუტინს არ ჰყავს და არ სჭირდება პარტნიორები, მას მხოლოდ უპირობო გავლენის გავრცელება და ქვეყნების სრული კონტროლი აინტერესებს, რაც საერთაშორისო სამართლის ერთერთ უმთავრეს პრინციპს – სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ოფიციალური მოსკოვის ქმედებები პოსტსაბჭოთა სივრცესა და მისი ყოფილი გავლენის სფეროში შემავალი ქვეყნების მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას უქმნის საფრთხეს. საკითხავი ახლა მხოლოდ ის არის, კიდევ რომელი ქვეყნისგან უნდა ველოდოთ მომავალში რუსეთის აგრესორად აღიარებას.
რუსუდან ლომია