რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

​საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებსა და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5 პროცენტზე მაღალი, თუმცა, თებერვლიდან ეკონომიკას და შემოსავლების ნაწილს დაეტყო გარკვეული შეფერხებები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მისი განცხადებით, მთავრობამ შესაბამისად შესრულების ნაწილში შეზღუდვები განახორციელა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პანდემიის საპასუხოდ საჭირო რესურსების მობილიზება.

„გასულ წლებში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, სავალუტო ფონდთან არსებულ წარმატებულ პროგრამასთან ერთად იყო ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა უმოკლეს დროში საერთაშორისო ინსტიტუტებთან მიგვეღწია შეთანხმებას საქართველოსთვის დამატებით 1,5 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ჩარჩო ითვალისწინებს რეალური მშპ-ს შემცირებას 4,0 პროცენტით, შემოსავლების დანაკლისს 1,7 მლრდ ლარზე მეტით, არსებულ ბიუჯეტში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებას 600.0 მლნ ლარამდე ოდენობით და საქართველოს მთავრობის ანტრიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო რესურსის მოძიებას 3,4 მლრდ ლარამდე. მიმდინარე წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 8.5%-ით განისაზღვრება. არსებული პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4%-ს, ხოლო 2022 წლისთვის 6.0%-ს მიაღწევს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის გამოყოფილ თანხებზე კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 14 432,9 მლნ ლარს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო აუცილებელი გახდა დამატებითი ასიგნებების მობილიზება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ასიგნებების მოცულობა ჯამში იზრდება 1 490,9 მლნ ლარით და შეადგენს 15 923,8 მლნ ლარს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე საჭირო დამატებითი ხარჯი ჯამში შეადგენს 2 037,9 მლრდ ლარს, ხოლო პანდემიამდე არსებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული შემცირება შეადგენს 547,0 მლნ ლარს, მათ შორის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში მიმდინარე ხარჯები შემცირებულია 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები შემცირებულია 347,5 მლნ ლარით.

მომხსენებლის განცხადებით, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, წლევანდელი ბიუჯეტი -4% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, რის გამოც მთელი რიგი უწყებების დაფინანსება მცირდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებების დაფინანსების შემცირების მიუხედავად, არ უქმდება არცერთი პროექტი და პროგრამა და მათი მხოლოდ ვადების ცვლილება განხორციელდება.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 251,3 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის მიმდინარე ხარჯების ნაწილში 16,7 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯების ნაწილში 234,6 მლნ ლარით.

ძირითადი პროგრამების მიხედვით, შემცირების მაჩვენებელი შემდეგია: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მცირდება 117,5 მლნ ლარით; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მცირდება 44,3 მლნ ლარით; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია მცირდება 50,4 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი პროგრამები და პროექტები ჯამში მცირდება 39,1 მლნ ლარით.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიც წარადგინა და იმ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ გასულ საბიუჯეტო წელს მიაღწია.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალური განმარტებები გააკეთა.

პანდემიის პერიოდში მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობა და 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შეაფასა.

ზაზა გაბუნია: „იმ ამოცანების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიო პანდემიის და კოვიდ-19 ის გამო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება, ეს ბიუჯეტი და წარმოდგენილი ცვლილებები არის ოპტიმალური და საქართველოს პარლამენტი იყო აქტიური მონაწილე ამ დოკუმენტის შემუშავებისა და იმ ცვლილებისა, რაც დოკუმენტშია ასახული და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამან უნდა უზრუნველყოს ის მიზანდასახულობა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება ეტაპობრივად დავძლიოთ, მათ შორის, ეკონომიკის გახსნის თვალსაზრისით, ბიზნესის და მეწარმეობის თანმიმდევრული აღდგენის, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პრიორიტეტული ამოცანების მაქსიმალურად სრულყოფისთვის. ცხადია ეს ცვლილებები ამ ამოცანებს შეესაბამება. რაც შეეხება კლებას, რომელზეც აქ იყო საუბარი, 251 მილიონი ლარის კლება არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაში, მაგრამ მე შევადარე და ყურადღება მინდა მივაქციოთ იმას, რომ 2019 წლის ფაქტიური დონე არის შენარჩუნებული. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის ამბიციური გეგმები, რომელიც ამ მიმართულებით აქვს ქვეყანას და სახელმწიფოს იქნას შესრულებული. კარგია, რომ არცერთი პროექტი არ გაჩერდება და ასევე კარგი იქნება თუ ვიმუშავებთ იმ საკითხზე, რომ წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის თანხები 50,4 მლნ ლარის შემცირების ნაცვლად შემცირდეს 20-30 მლნ ლარით”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილისა და რომან მუჩიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” განიხილა.

მომხსენებლის, სულხან მახათაძის განმარტებით, კანონპროექტი შედგება 2 მუხლისგან. პირველი მუხლით განსაზღვრულია მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების (მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივგომბორის აღკვეთილს) ფართობი და საზღვრები. კანონპროექტის მე-2 მუხლით კანონის ძალაში შესვლის თარიღი დადგინდა და 2021 წლის პირველი იანვრით განისაზღვრა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტთა პაკეტთან ერთად, კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად მერაბ ქვარაიამ წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას.

აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ”, თანმდევ პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

მომხსენებლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში.

ასევე, სწორდება გამოვლენილი ტერმინოლოგიური ხარვეზები.

მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა ის მუხლები სადაც შედის არსებითი ცვლილებები. კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები