თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესისა და მისი შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები; პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე.