სომხეთის ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
სომხეთის ოპოზიცია პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერის, გაგიკ ცარუკიანისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ეხმაურება და ხელისუფლებას მუშაობის რეპრესიული სტილის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ქვეყნის სამი ოპოზიციური ძალის, “აირენიკის”, “დაშნაკცუტუნისა” და “ერთიანი სომხეთის” ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ “აყვავებული სომხეთის” ლიდერისა და პარტიის ტერიტორიალური სტრუქტურების წინაღმდეგ მიმართული ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არ არის მზად არგუმენტირებულ კრიტიკას შინაარსობრივი დიალოგით უპასუხოს, ასევე, მზად არის, ნებისმიერი გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს და ნებისმიერი ხასიათის ზეწოლა განახორციელოს.
“ცხადია, რომ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკოსმა მთავრობის კრახის პოლიტიკური შეფასება გააკეთა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უამრავ შიდა და საგარეო გამოწვევას აწყდება, რეპრესიების, შეუწყნარებლობისა და ეროვნული გახლეჩის ატმოსფერო, სახელმწიფოებრიობის პროცესს არაპროგნოზირებადი საფრთხისა და დანაკარგის წინაშე აყენებს. ვითხოვთ, ხელისუფლებამ მუშაობის რეპრესიული სტილი შეწყვიტოს, რომელიც ქვეყანაში კრიზისს აღრმავებს და სასწრაფოდ დააბრუნოს პროცესი პოლიტიკურ სივრცეს.
მოვუწოდებთ თანამემამულეებს, ასევე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის ირგვლივ გაერთიანებისკენ, რომ ეროვნული ერთიანობით დავძლიოთ ყველა გამოწვევა, რომელიც სახელმწიფოებრიობას უკავშირდება”, – ნათქვამია განცხადებაში.