რომელი დაავადებები იყო საქართველოში კორონავირუსის თანმხლებ ავადმყოფობებს შორის ყველაზე ხშირი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიში
საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, თითოეული ინფიცირებული პაციენტის შემთხვევაში გაანალიზდა დაავადების კლინიკური სიმპტომებისა და თანმხლები დაავადებების არსებობა პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე.
„800 შემთხვევიდან „პისიარ“ ტესტირების დროს 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური. შესაბამისად, უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 11 პროცენტი. სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცეტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58.4 პროცენტს.
თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია 88 (11 პროცენტი) და დიაბეტი 39 (4.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ცენტრში განმარტავენ, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი – სამეგრელო, ზემო-სვანეთსა და იმერეთში.