ერევანში, პარლამენტთან 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს – კანონმდებლები ოპოზიციონერი კოლეგისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ
სომხეთის პოლიციამ პარლამენტის შენობასთან აქციის 103 მონაწილე დააკავა, – განაცხადეს ძალოვან უწყებაში.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია “აყვავებული სომხეთის” ლიდერისთვის, გაგიკ ცარუკიანისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.
შენობასთან კი ცარუკიანის მომხრეები შეიკრიბნენ, აქცია სანქცირებული არ ყოფილა. პოლიციამ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ქუჩაში გამოსულები მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
14 ივნისს სომხეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის სამი საქმის შესახებ განაცხადა, რომლის ფიგურანტი სწორედ გაგიკ ცარუკიანია.
ერთ-ერთი საქმის მიხედვით, ცარუკიანის სათამაშო ბიზნესთან დაკაშირებული კომპანიების უკანონო საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 60 მლნ დოლარი არ შევიდა.
მეორე “ქეისი” პარტიის მხრიდან 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქრთამის შესაძლო გაცემას უკავშირდება.
მესამე საქმე უკავშირდება იმას, რომ დეპუტატთან დაკავშირებულმა კომპანიამ, უკანონოდ, მიწის ნაკვეთები მიისაკუთრა, რის შედეგადაც სახელმწიფოს თითქმის 685 ათასი დოლარის ზიანი მიადგა.
“აყვავებული სომხეთი” პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციაა. 2018 წლის “ხავერდოვანი რევოლუციის” დროს ცარუკიანის ფრაქციამ მაშინდელ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს დაუჭირა მხარი პრემიერის თანამდებობაზე წარდგენის დროს. თუმცა იმავე წლის დეკემბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფრაქცია ოპოზიციური გახდა.
გასულ კვირას ცარუკიანმა ქვეყნის პარლამენტში მთავრობის საქმიანობა გააკრიტიკა და თქვა, რომ მმართველობის ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ცვლილება თითქმის არ განხორციელებულა. მისი თქმით, არ არის ინვესტიციები, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო კოვიდ19-თან დაკავშირებით ვითარება უკიდურესად სავალალოა. ამიტომ ფრაქციაში სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს, რაც პრემიერის გადადგომასაც გულისხმობს.