ირაკლი ნადარეიშვილი: შიდა ტურიზმის გახსნა მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ასევე, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის
„15 ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, როგორც კოვიდისგან თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ასევე, ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შიდა ქართლში, კურორტ ქვიშხეთში ახალი სასტუმროს „მწერლების” ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სასტუმრო „მწერლები” შიდა ქართლში ერთ-ერთი პირველი მაღალი კატეგორიის სასტუმროა, რაც ძალიან მისასალმებელია. მისი თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში” და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განვითარებას.
სასტუმრო “მწერლები” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტია. სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, იგეგმება სასტუმროს გაფართოება და დამატებით 40 ნომრის დამატება.
სასტუმროს გახსნაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა – მიხეილ ხიდურელმა, პარლამენტარმა – სიმონ ნოზაძემ და სასტუმრო „მწერლების” მფლობელი კომპანიის „ლუკექსპოჯორჯიას” დირექტორმა – ლუკა სამხარაძემ.