დავით ზალკალიანი ელჩებს: მინდა, მადლიერება გამოვხატო სწორედ გაჭირვების დროს მეგობრობისთვის
მინდა მადლიერება გამოვხატო სწორედ გაჭირვების დროს მეგობრობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლოპოტაზე, ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დისტანციური ურთიერთობა გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ თანდათანობით უბრუნდებიან იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიაში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.
„მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც ასეთი შემადგენლობით კვლავ შევიკრიბებოდით, რადგანაც კარგად მოგეხსენებათ, ჩვენთვის, დიპლომატებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ფიზიკური ურთიერთობა და ის, რაც დიპლომატიაში ყოველდღიური საქმიანობაა.
მე ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან მქონდა შეხვედრა ბოლო თვეების განმავლობაში, დღესაც მქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა და მანაც გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვიდეოკონფერენციები და, ასე ვთქვათ, დისტანციური ურთიერთობა, გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა და ჩვენ თანდათანობით ვუბრუნდებით იმ ჩვეულ რიტმს და იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიურ ურთიერთობებში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იყო არსებითი და ხელშესახები ბოლო 4 თვის განმავლობაში, რაც პანდემია დაიწყო“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობდა ორი მთავარი ამოცანის ირგვლივ – უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარება, სამშობლოში მათი ეტაპობრივი დაბრუნება და ქვეყნის ყველა პარტნიორთან საქმიანობა.
„ჩვენ მრავალი მიმართულებით ვსაქმიანობდით იცით თქვენ, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრემიერ-მინისტრმა და საკოორდინაციო საბჭომ განგვისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა. მთავარი ამოცანა ეს იყო ჩვენი მოქალაქეების დახმარება ადგილზე და ასევე, მათი ეტაპობრივი დაბრუნება სამშობლოში.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ კრიზისის დროს ყველა ჩვენს პარტნიორთან საქმიანობა, რათა მომხდარიყო საქართველოს მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რაოდენ რთული იყო, გართულდა წვდომა რესურსებზე, გართულდა წვდომა იმ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სისტემისთვის.
ყველა ქვეყანას ჰქონდა გარკვეული პრობლემები და მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო სწორედ გაჭირვების დროს მეგობრობისთვის და იმ რთული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თქვენი მთავრობის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
დაკეტილი იყო საზღვრები, სახმელეთო, საჰაერო. რთული იყო მოპოვება იმ პროდუქციის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობისთვის, მაგრამ მართლაც თქვენი დახმარებით, ჩვენ ეს შევძელით და მადლობა ღმერთს, რომ ყველამ ასე კარგად და ეფექტიანად ვიმუშავეთ“,- განაცხადა ზალკალიანმა.
ელჩებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გირგი გახარია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი.