„ფოტოატელიეს ვიტრინიდან დიდ კინოეკრანზე“
ფოტოატელიეს ვიტრინიდან დიდ კინოეკრანზე! – ასე იწყებოდა ქართული კინოს სილამაზის – ნატო ვაჩნაძის კინოკარიერა. – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო ნატო ვაჩნაძეს იხსენებს.
„19 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა მისი ფოტო რუსთაველის გამზირზე შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში გამოაკრა. გამვლელები გაოცებას ვერ მალავდნენ, ხშირად ჩერდებოდნენ და დიდხანს აშტერდებოდნენ მხატვრის დიდებული ნახატის მსგავს უცნობის ქალის ფოტოს.
ერთ დღეს რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი, რომელიც იმ პერიოდში ფილმის – „მამის მკვლელის“ გადაღებას იწყებდა და მთავარ გმირს დაეძებდა, შემთხვევით გადააწყდა ვიტრინაში გამოფენილ ფოტოს. გოგონას უმშვენიერესი სახის დანახვამ ნაზაროვი აიძულა ვიტრინასთან შეჩერებულიყო, – „ვინ არის?“ – იკითხა მან და სასწრაფოდ ულამაზესი ქალის ვინაობის დადგენა დაიწყო.
ნატო ვაჩნაძე, რომელსაც გურჯაანში კითხვა-კითხვით მიაკვლიეს, მერაბ ვაჩნაძის ცოლი გახლდათ, მან პირველი ქმარი კახეთში გაიცნო და თავისი გვარი ანდრონიკაშვილი ამ ქორწინებისას შეიცვალა.
პირველ ფილმს მალე სხვა შემოთავაზებებიც მოჰყვა. ნატო ვაჩნაძე კინოვარსკვლავად თანდათან ყალიბდებოდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმში, მათ შორის, „მამის მკვლელი“, „არსენა ყაჩაღი“, „სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავაძის საქმე“ და სხვა.
„რაც უფრო იზრდებოდა ჩემი სახელი, მით უფრო ხშირად ჩავაგონებდი საკუთარ თავს, რომ უნდა დავძლიო ჩემი ეს პოპულარობა და ჭეშმარიტი, ღრმა, სერიოზული მსახიობი გავხდე… მე ვთამაშობ პასიურ ქართველ ქალს, საწყენია, რომ ჩემი როლები ერთფეროვანია“, – წერდა ნატო ვაჩნაძე თავის მოგონებებში.
1953 წლის 14 ივნისს ნატო ვაჩნაძე საკუთარ დაბადების დღეზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა. როდესაც მისი ფერფლი ქალაქში ჩამოატარეს, ვიღაცას უკითხავს, ვის ასაფლავებენო. ერთხმად უპასუხეს:
– სილამაზეს!
ასეც დარჩა ხალხის მეხსიერებაში: ქართული კინოს სილამაზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ გახსენებაში.