ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვალდებულნი ვართ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და დავიცვათ
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას და ჩვენს საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით, მაქსიმალური წესების დაცვით უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო დახურულ სივრცეებში იმ წესების დაცვა, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეგულაციები ახლა შემოდის, არასწორია. მისივე თქმით, რეგულაციით დეტალურად იწერება კონკრეტული საკითხები, რომელთა დაცვაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებშია.
„ვინაიდან ჩვენ გადავედით კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიასა და ახალ ეტაპზე, ჩვენი მიზანია რეგულაციები მაქსიმალურად დეტალურად გავწეროთ ამ გადმოსახედიდან. შესაბამისად, საუბარი იმასთან დაკავშირებით, ახლა ხომ არ შემოგვაქვს ჩვენ ეს რეგულაცია არასწორია. ჩვენ ამ რეგულაციით რეალურად დეტალურად ვწერთ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შეეხება პირბადის ტარების საკითხს, დღეს პირბადის ტარების საკითხი არის დარეგულირებული ჩვენს მიერ მიღებული კანონით, რომლითაც მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება 15 ივლისამდე საკარანტინო ღონისძიებებში ასევე გაიყვანოს პირბადის ტარების საკითხიც, შესაბამისად, ეს საკითხი დღეს დარეგულირებულია და ითვლება საკარანტინე ღონისძიებად, შესაბამისად, დღეს მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ნებისმიერი ტიპის საკარანტინო თუ იზოლაციის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, განმეორებით ჩადენა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
გუშინდელი მდგომარეობით 3 წყარო არ არის დადგენილი, დღევანდელი მდგომარეობით 4 წყარო და ეს აჩენს იმის რისკს, რომ ერთ დღეს თეორიულად ვერც იმას გამოვრიცხავთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც მოხდეს, ასევე, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა, ერთ თვეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და გადავიდეთ სხვა რეგულაციებზე და მაქსიმალურად შევამსუბუქოთ რეგულაციები”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.